როგორ გამოვიყენოთ ბლოკნოტი მიზნების მისაღწევ საშუალებად?

ბლოკნოტს და კალამს, როგორც პრაქტიკული გამოყენების ნივთებს, კაცობრიობის განვითარებაში თავისი უზარმაზარი წვლილი აქვთ შეტანილი. ცოტას თუ უფიქრია, რომ სწორედ ბლოკნოტების საყოველთაოდ გავრცელებამ ჩაუყარა საფუძველი ევროპაში ზუსტი ბუღალტრული აღრიცხვის, საბანკო სისტემის, მხატვრობისა და მხატვრული ლიტერატურის სწრაფ, ნახტომისებურ განვითარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოკნოტების გავრცელება ევროპაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რამაც შესაძლებელი გახადა რენესანსის ეპოქის დადგომა. 

ციფრულ ეპოქაში ბლოკნოტებმა და კალმებმა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი გონება ისეა დაკავშირებული ამ მარტივ ხელსაწყოებთან, რომ კალმით ფურცელზე წერა ადამიანებს საკუთარი მიზნების მიღწევაში უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ეს აქამდე წარმოგვედგინა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგში ვილაპარაკო იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც სხვადასხვა მიზნის მიღწევაში შეიძლება დაგეხმაროთ.

დღიურის წარმოება

დღიურზე ყველას წარმოგვიდგება დღის ბოლოს საკუთარ ბლოკნოტთან დაჯდომა და დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების აღწერა, რაც არის კიდეც მისი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ფუნქცია. ამიტომ მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ რამდენი განსხვავებული დღიურის წარმოება შეგვიძლია და რაში შეიძლება დაგვეხმაროს თითოეული მათგანი:

ტრადიციული დღიური

არსებობენ ადამიანები, ვისაც ხანგრძლივი მეხსიერება ძალიან ფრაგმენტული აქვთ. მათ რამდენიმე წლის წინ მომხდარი მოვლენები მხოლოდ ფრაგმენტულად, ემოციური განცდების დონეზე ახსოვთ. მაშინაც კი, როდესაც ფოტოს უყურებენ, უჭირთ გაიხსენონ ის დღე, სიტუაცია, როდესაც ეს ფოტო გადაიღეს, როგორც ერთი მთლიანი ამბავი. ასეთი ადამიანებისთვის, რთულია საკუთარი ცხოვრების ერთ განგრძობით ამბად აღქმა და მეხსიერებაში დალექილი ფრაგმენტების იმ ემოციებთან დაკავშირება, რომელსაც განციდიან. ტრადიციული დღიურის წარმოება, დღის ბოლოს ძირითადი მოვლენების ჩამოწერა, გვეხმარება დავაფიქსიროთ ჩვენი ცხოვრების ნარატიული ხაზი და დროის კონკრეტულ მონაკვეთებში დავნინახოთ სად ვიყავით, სად ვართ და მომავალში რას გვინდა მივაღწიოთ. იგი გვეხმარება უფრო ცნობიერი ცხოვრების დაწყებაში და იმ სტრესორების თუ ფაქტორების გამოვლენაში, რომლებიც შესაძლოა აფერხებდეს ჩვენ წინსვლას, ან ხელს გვიშლიდეს ცხოვრებით სრულყოფილ სიამოვნებაში.

ემოციური განტვირთვის დღიური

ზოგი ადამიანის გონება მუდმივად ქმნის ნარატივს, თხრობის უწყვეტ ხაზს და შესაბამისად, ამ ადამიანების გონება დაუჯერებლად ხანგრძლივად და დეტალურად ინახავს მოვლენებს, ფაქტება თუ ხშირ შემთხვევაში სრულიად უსარგებლო დეტალებს. აქ შემიძლია პირად მაგალითზე დაყრდნობით ვილაპარაკო, რადგან ჩემი ბავშვობის ისეთი პერიოდი მახსოვს დეტალურად, როცა ჯერ კიდევ გამართულად ვერ ვმეტყველებდი. ჩემი გონება გამუდმებით იმახსოვრებს ფაქტებს, მოვლენებს, სახეებს და ამ უზარმაზარ ქაოსში ხშირად კონკრეტულ მოვლენებთან საკუთარი ემოციების დაკავშირება მიჭირს. ხშირად ვერ ვახერხებ იდენტიფიცირებას კონკრეტულად რამ გამოიწვია ჩემში ესა თუ ის ემოცია. ანდა, ზოგჯერ ცნობიერად გონება სრულიად მშვიდია, სხეულში კი სტრესს ვგრძნობ, რომელიც არაცნობიერი განგაშის მექანიზმის ჩართვაში შეიძლება გადაიზარდოს. მე და ჩემნაირი ადამიანები მეტად ვართ მიდრეკილი შფოთვისა და ძილის დარღვევებისკენ, რომელსაც ხშირად ვერც კი ვხვდებით რა იწვევს, ამიტომ დღის ბოლოს საკუთარი ემოციებისა და მომხდარი მოვლენების ფურცელზე გადატანა განმუხტვაში და განმეორებადი დამაზიანებელი ქცევების გამოვლენაში, ასევე ემოციებისგან დაცლასა და იმ წერტილების, მოვლენებისა თუ მდგომარეობების აღმოჩენაში გვეხმარება, რომლებიც ჩვენში შფოთვას და სტრესს იწვევენ. თუ თერაპიაზე აპირებთ მისვლას, დღიურის წარმოება შედეგის უფრო სწრაფად მიღწევასა და შემდგომ მის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სტილიზებული დღიური

ხატვა, დიზაინის, რაიმე ესთეტურად დახვეწილის შექმნა, თერაპიის ცალკე მიმართულებაა. ხშირად მას არტთერაპიადაც მოიხსენიებენ. მათთვის, ვისაც უყვარს რაიმე ლამაზის შექმნა, აინტერსებს წიგნის ან ჟურნალის დიზაინი და ა.შ., დღიურის წარმოების ეს მეთოდი, ნამდვილი სიამოვნებაა. შეგიძლიათ თქვენი დღიური სტიკერებით, ფერადი ლენტებით, ფანქრებით, სხვადასხვა ფერის მელნების და განსხვავებული წვერის მქონე კალმების გამოყენებით, ყველა გვერდზე განსხვავებულად გამოხატოთ საკუთარი თავი და ემოციები. ზოგი ადამიანი თავის დღიურს საგაზეთო სვეტებივით წერს, უკეთებს ჩარჩოებს, აკრავს ფოტოებს და ა.შ. ზოგჯერ ასეთ დღიურში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წერია, დანარჩენი ინფორმაცია კი ვიზუალურად, გრაფიკულად ან დიზაინერული გადაწყვეტებითაა გამოხატული. დღიურის წარმოების ეს მეთოდი დღეს ძალიან პოპულარულია და სხვადასხვა მზა სტიკერების გამოყენება, ასეთი დღიურის წარმოებას მათთვისაც შესაძლებელს ხდის, ვინც ხატვის ნიჭით არ არის დაჯილდოებული, თუმცა დღიურის წარმოების სწორედ ეს მეთოდი იზიდავს, რადგან საკუთარი ემოციების გადმოცემა თუ მოგონებების შენახვა სწორედ ამ ფორმით სურს. 

ფოტო დღიური

დღიურის ეს სახეობა ერთი შეხედვით სტილიზებული დღიურის წარმოებას ჰგავს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ აქ გამოყენებულია ნამდვილი ფოტოები, რომლებიც შესაბამის ტექსტებთან ერთად ინახავს როგორც თხრობით, ისე ვიზუალურ მეხსიერებას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ ფოტოალბომების ეპოქა სოციალურ ქსელებთან ერთად თითქმის წარსულს ჩაბარდა. ფოტო ალბომის და დღიურის შერწყმით კი ერთდროულად აღვადგენთ ტრადიციას, ვინახავთ მეხსიერებას როგორც ნარატიულად, ისე ვიზუალურად და შეგვიძლია შევქმნათ როგორც პირადი, ისე ოჯახური ფოტო დღიური, რომელსაც შემდეგ  ახალ თაობას დავუტოვებთ.

არსებობს კიდევ უმარვი განსხვავებული ტიპის დღიური, რომელიც ამ ბლოგში ვერ მოხვდ, თუმცა ის, რაზეც ამ ბლოგში ვლაპარაკობთ დღიურის წარმოების ყველაზე გავრცელებული ტიპებია.

საგეგმავი ბლოკნოტები

ესაა ბლოკნოტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომლებსაც სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული კრებითი ტერმინით მოიხსენიებენ დაწყებული ორგანაიზერითა და პორტფოლიოთი, დამთავრებული ბიზნეს დღიურითა და საგეგმავი ბლოკნოტით. ამ ტერმინის ქვეშ გავაერთიანეთ უამრავი, ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურის, დანიშნულების, დიზაინისა თუ არქიტექტურის მქონე ბლოკნოტები ან მთელი სისტემები. მათი გამაერთიანებელი ნიშანი მათივე ფუნქციაა _ დაეხმაროს მფლობელს რაიმეს დაგეგმვაში იქნება ეს საქმიანი თუ პირადი ცხოვრება. აქ მიმოვიხილავთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და პოპულარულ საგეგმავ ბლოკნოტებს, რაც შესაძლოა არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ.

365 დღიანი საგეგმავი დღიური

ესაა ყველაზე გავრცელებული საგეგმავი დღიურის ტიპი, რომლითაც სავსეა საკანცელარიო მაღაზიები და აწარმოებს თითქმის ყველა ბლოკნოტების მწარმოებელი ჯერ-ჯერობით ჩვენ გარდა. ამ ბლოკნოტების სეზონი ძირითადად წინა საახალწლო და ახალი წლის შემდგომ მაქსიმუმ ერთთვიანი პერიოდია და მას როგორც წესი კომპანიები ჩუქნიან თანამშრომლებს, პარტნიორებს და ამავადროულად მათი გამოყენება დანიშნულების მიხედვით თითქმის შეუძლებელია ხოლმე. ამ დღიურების დამსახურება ხშირად ისაა, რომ ადამიანებს საერთოდ უცრუვდებათ გული დაგეგმვაზე. ესაა ბლოკნოტები, სადაც თითოეული დღისთვის მოცემულია ერთი გვერდი, რომელიც ზოგჯერ საათებადაა დაყოფილი. მათი ძირითადი დანიშნულება შეხვედრების ჩანიშვნა, ან ამოცანების გაწერაა, თუმცა იშვიათად არის საკმარისი ადგილი ჩანაწერების გასაკეთებლად.  ესაა დღიურის ტიპი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ყიდულობს და ყველაზე ცოტა მათგანისთვისაა იდეალური. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას დანიშნულებისამებრ იყენებენ, თითქმის სრულიად უსარგებლოა წლების შემდეგ მოვლენების გახსენებისას. მაგალითად თუ გადაშლით ხუთი წლის წინანდელ მსგავს დღიურს, ნახავთ კონკრეტულ დღეს ჩანიშნულ შეხვედრებს, იმ მარტივი ჩანაწერებით შეიძლება ვერაფრით გაიხსენოთ კონკრეტულად რა საკითხზე მიდიოდა მსჯელობა ან სულაც კონკრეტულად ვინ ესწრებოდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ასეთ საგეგმავ დღიურებს პრაქტიკულად ვერ ვიყენებ, შემხვედრია ადამიანები, რომლებისთვისაც სწორედ ეს ფორმატია ყველაზე პრაქტიკული და მათ მართლაც ეფექტურად იყენებენ, თუმცა ჩემი სტატისტიკით, ყოველი 100 ადამიანიდან 90 ამ ბლოკონტებს უბრალოდ ინახავს, ან თუ იყენებს მასში მოცემული არეებისა და დანიშნულების უგულებელყოფით.

Bullet Journal და მასზე დაფუძნებული საგეგმავი დღიურები

ბულით ჟურნალზე ადრეც ბევრი მითქვამს, ვიდეოებიც მაქვს გადაღებული და ბლოგიც დამიწერია. ჩემი გამოცდილებით ესაა ყველაზე ეფექტური დასაგეგმი სისტემა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველაზე ღია სტრუქტურა აქვს. შესაბამისად, მას ადამიანი თავად განსაზღვრავს, ირგებს ცხოვრების წესზე და ყველაზე ეფექტურადაც შეგიძლია გამოიყენო. ამ სისტემის ავტორია რაიდერ კეროლი, არსებობს ოფიციალური საიტი, რომელზეც შეგიძლიათ გაეცნოთ სისტემას, ასევე შეიძინოთ ოფიციალური Bullet Journal (BuJo), რომელსაც ერთ-ერთ საუკეთესო გერმანულ ბლოკნოტების მწარმოებელ Leuchtturm 1917-თან პარტნიორობით აწარმოებენ. არსებობს საგეგმავი ბლოკნოტები, რომლების სტრუქტურაც, სწორედ Bullet Journal-ზე დაყრდნობითაა შექმნილი, მაგალითად Paper Republic-ის Dojo. ჩვენ Bullet Journal-ის ყოველდღიური წარმოების მრავალწლიან პრაქტიკაზე დაყრდნობით განვავითარეთ საკუთარი სასგეგმავი სისტემა "ცხოვრების ნავიგატორი", რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ ვებ გვერდზე და ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში. ცხოვრების ნავიგატორზე უფრო დაწვრილებით, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგი: როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება "ბულით ჟურნალმა"

კვირებად დაგეგმვის სისტემა

ზოგ შემთხვევაში შეიძლება შეგხვდეთ Weeks and Notes ფორმატით. მისი თავისებურებაა ცხოვრების დაგეგმვა არა დეტალურად, დღეების მიხედვით, არამედ კვირის განმავლობაში მხოლოდ მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოვლენების ჩანიშვნა, ყოველი კვირის დასაწყისში კი კვირის განმავლობაში შესასრულებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების ჩამოწერა. როგორც წესი კვირის დღეებად დაყოფილია ბლოკნოტის ერთი გვერდი, ხოლო მის გასწვრივ მოცემულია სუფთა გვერდი მონიშვნების გარეშე, რათა კვირის განმავლობაში შესასრულებელი ამოცანები ჩამოწერო. ჩემი გამოცდილებით ამ ფორმატის ბლოკნოტები ეფექტურია საჯიბე ზომის ან პასპორტის ზომის ბლოკნოტებში, როდესაც მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ან შეხვედრების ჩანიშვნა გსურს და არაფერი ზედმეტი.

ხუთწლედის საგეგმავი დღიური

სიმართლე ვთქვა ამ ტიპის დღიური საქართველოში არასოდეს მინახავს. მას ძირითადად ის ადამიანები იყენებენ, ვისაც შორს მიმავალი გეგმების დასახვა, საკუთარი ცხოვრების საფეხურებად დაყოფა და მიზნისკენ მწყობრი სიარული უყვარს. ამ ტიპის დაგეგმვა ქართული რეალობიდან გამომდინარე არასოდეს მიცდია და სულ ვფიქრობ, რომ არასოდეს მქონია სტაბილურობის ისეთი განცდა, რომ მეფიქრა ხუთი წლის დაგეგმვას შეიძლება რამე რეალური გავლენა ჰქონოდა ჩემ ცხოვრებაზე. შესაძლოა სწორედ ამის გამოც არ გვხვდება ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის საგეგმავები. 

ეს არის არასრული ჩამონათვალი. შეიძლება შეგხვდეთ სპეციფიკური დღიურები, როგორებიცაა ფიტნეს, პიროვნული განვითარების, დიეტის, მადლიერების, იოგის და ა.შ. და ა.შ. დღიურები, რასაც სრულად ვერ მიმოვიხილავთ და მათი ავტორებისადმი თქვენი ნდობისა და დამოკიდებულების საკითხია, რაშიც ცხადია ვერ ჩავერევით.

ალბათ ვინმე დასვამს კითხვას, შემიძლია თუ არა ეს ყველაფერი გავაკეთო აპლიკაციის მეშვეობით? რა თქმა უნდა. უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომლებსაც აქვთ შემახსენებლები, უსაზღვრო ფურცლების რაოდენობა და ა.შ. ცხადია, ყველანაირი დღიურის წარმოება შეგიძლიათ ციფრულად. ერთადერთი ისაა, რომ ვერც ერთი აპლიკაცია ვერ მოგანიჭებთ სიამოვნებას, რომელსაც იგრძნობთ კარგი კალმით, კარგ ბლოკნოტში წერისას. და ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურებით ვიცით, რომ კალმით ფურცელზე წერა ტვინის იმ უბნებს ააქტიურებს, რომლებიც მეხსიერებასა და შემოქმედებითობაზეა ორიენტირებული და რაც არც ერთი ციფრული ტექნიკის ან აპლიკაციის გამოყენებისას არ ხდება. არჩევანს ცხადია თითოეული ადამიანი საკუთარი შეხედულების, საჭიროების, გამოცდილებისა და შეგრძნებების მიხედვით აკეთებს. 

და ბოლოს, შეგვიძლია თუ არა, რამდენიმე ტიპის დღიური ერთდროულად ვაწარმოოთ? ცხადია, შესაძლებელია და ბევრი ადამიანი ასეც იქცევა. მე მაგალითად ყოველდღიურად ვაწარმოებ ცხოვრების ნავიგატორს, რომელშიც ინტეგრირებული მაქვს ტრადიციული დღიური, ასევე საჯიბე ბლოკნოტში ვაწარმოებ Weeks and Notes ფორმატის დღიურს და ცალკე მაქვს ჯანსაღი ჩვევების მონიტორი, რაც მეხმარება ჩემთვის დამაზიანებელი ავტომატური ქცევების ჯანსაღი და ჩემთვის სასარგებლო ჩვევებით შეცვლაში. მანუსკრიპტის ბლოკნოტების არქიტექტურა შესაძლებლობას გაძლევთ ეს ყველაფერი ერთ ტყავის ყდაში გააერთიანოთ და ეს ყდა მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოთ, რაც მანუსკრიპტის ბლოკნოტს თქვენ ერთგულ თანამგზავრად აქცევს. 

მანუსკრიპტის შესახებ