როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება ბულით ჟურნალმა

ამ ბლოგის წერას ბოდიშით დავიწყებ, რადგან მინდოდა "ბულით ჟურნალის" ლამაზი ქართული შესატყვისი მეპოვნა, მაგრამ ვერაფრით მოვიფიქრე. თვითონ რაიდერ ქეროლი, ამ სისტემის შემქმნელი, ამბობს, რომ ბევრს ჰგონია ტერმინი "ბულით ჟურნალი" წერტილებიანი ბლოკნოტების გამოყენების გამო დავარქვი, მაგრამ ეს სახელი მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ დაგეგმვისას "ბულითებს" (სიის თავში დასმული, ჩამონათვალის აღმნიშვნელი გრაფიკული გამოსახულება) ვიყენებთო. "Bullet" სიტყვა-სიტყვით ტყვიას ნიშნავს, თუმცა "ტყვიებიანი ჟურნალი" არც ისე კარგად ჟღერს. საქმე იმაშია, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ეს ტერმინი ტიპოგრაფიაში დამკვიდრდა, ბეჭდვის ოსტატები ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ პატარა, შავ, წერტილოვან ნიშანს, რომელსაც იყენებდნენ ტექსტში მნიშვნელოვანი, საყურადღებო მონაკვეთის აღსანიშნავად ან ჩამონათვალის დასაწყისში. XIX საუკუნეში უკვე ტერმინი სტანდარტად დამკვიდრდა და აღნიშნავდა ნებისმიერი ფორმის გრაფიკულ აღნიშვნას, რომელსაც ხაზის, ან ჩამონათვალის დასაწყისში ბეჭდავდნენ. უკვე ციფრულ ტექსტურ რედაქტორებში (MS Word, Notes და სხვა), ეს ტერმინი იგივე ფუნქციით გადავიდა. "ბულით ჟურნალის" სწორი სახელი, მისი ფუნქციიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე იქნებოდა "ცხოვრების ნავიგატორი" ან "ცხოვრების ნავიგაციის ჟურნალი", თუმცა ბლოგში "ბულით ჟურნალს" გამოვიყენებ, როგორც ტერმინს, რომელიც ცხოვრების დაგეგმვის კონკრეტულ მეთოდს აღნიშნავს და არა ბლოკნოტის ტიპს. თუ ბლოგის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდებათ იდეა, რა შეიძლება ქართულად ერქვას, მოქნილი, ლამაზი და მისი არსის გამომხატველი, მოგვწერეთ და სიამოვნებით დავნერგავთ. 

ახლა კი მთავარ ამბავს დავუბრუნდეთ. "ბულით ჟურნალის", როგორც კონკრეტული მეთოდის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გავიგე, როდესაც რაიდერ ქეროლმა წიგნი გამოსცა, თუმცა მაშინ დიდად არ ჩავღრმავებივარ. ადრეც მითქვამს, რომ დღიურების წერას და დღის დაგეგმვას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯიბით კალამს და ბლოკნოტს ალბათ მთელი ცხოვრებაა ვატარებ,  დაგეგმვის რაიმე კონკრეტულ მეთოდს არასოდეს ვიყენებდი. როგორც უმრავლესობა, მეც რომელიმე პარტნიორი კომპანიისგან  ვიღებდი საჩუქრად სტანდარტულ ყოველდღიურ დასაგეგმ ბლოკონტს, სადაც ერთ დღეს ერთი გვერდი ეთმობა და ეს ერთი გვერდი ჩემთვის არასოდეს ყოფილა საკმარისი. ერთადერთი, ამ მხრივ გამორჩეულად მახსოვს ჯეოსელის დღიურები, რომლებიც იმდენად კარგად იყო ნაფიქრი, რომ მეტ-ნაკლებად ეფექტურად ვიყენებდი, რადგან რაღაცნაირად არეები ისე იყო განაწილებული, თითქოს ყველაფრისთვის მყოფნიდა ადგილი. სამწუხაროდ ეს პრაქტიკა შეწყდა მას შემდეგ, რაც ჯეოსელი სილქნეტმა იყიდა და მეც დიდად სხვა დღიური ვეღარ მოვირგე. როგორც უმრავლესობა, შეხვედრებს მეც ტელეფონში ვინიშნავდი, საყიდლების სიას საჯიბე ბლოკნოტში ვიწერდი, ხოლო მიმდინარე საქმეებს უბრალოდ სამუშაო წიგნაკში ჩამოვწერდი ხოლმე. არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი ქაოსური განაწილებით, ვერასოდეს შევძლებდი მარტივად აღმედგინა რომელიმე კონკრეტული დღე, რადგან მინიმუმ სამ ან ოთხ სხვადასხვა ბლოკნოტსა და პროგრამაში უნდა მომეძებნა კონკრეტული დღის შესახებ ჩანაწერები და შეიძლება ერთმანეთთან ვერც დამეკავშირებინა. მაგალითად ახლა წინ მიდევს 2014 წლის დღიური, სადაც წერია, რომ პარასკევს, 16 მაისს, 14:00-ზე დაგეგმილი მქონდა შეხვედრა გურამთან, ქვევით კი მოკლე მინაწერებია, რომლიდანაც ვერაფრით ვიხსენებ ან გურამი ვინ იყო და ან ეს მინაწერები რას ნიშნავს. 

ამაზე, როგორც პრობლემაზე, შესაძლოა არც არასოდეს დავფიქრებულიყავი, რომ არა პანდემიის მიწურულს მოულოდნელად თავს დამტყდარი პანიკური შეტევა, რომელიც თელავისკენ მიმავალს, გზაში დამემართა და ისე გამაშეშა, იძულებული გავხდი მეგობართან დამერეკა და მეთხოვა გომბორის გზაზე მოეკითხა ვინმე მართვის მოწმობიანთან ერთად და უკან თბილისში დავებრუნებინე. ეს უკვე საგანგაშო ამბავი იყო და პირველად ცხოვრებაში გადავწყვიტე თერაპიაზე მევლო. ამან მიშველა და მიმახვედრა, რომ ზოგჯერ ჩავლილი და წარსულში ქაოსურად მიმოფანტული ემოციები თუ მოვლენები, რომლებიც თითქოს დავივიწყეთ, ასე მარტივად არ გვანებებენ თავს. პირველად მაშინ დავფიქრდი რამდენად არასანდო რამ არის ჩვენი მეხსიერება და რომ ხშირად ჩვენი პრობლემების გასაღები სწორედ მოვლენებს შორის სწორი კავშირის პოვნაში იმალება. გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეთივე ქაოსური იყო, როგორც ჩემი ჩანაწერები. თითქოს ბორბალში ვიყავი და ინერციით მივყვებოდი დინებას, უბრალოდ ვასრულებდი ამოცანებს და ვჭრიდი პრობლემებს, რომლებიც არასოდეს სრულდებოდა.

გამოსავალი მარტივად ვერ ვიპოვე. ცხოვრება სულ უფრო მეტად ქაოსური ხდებოდა. მეგობრებთან ერთად დავაარსე კომპანია "ამბავი კრეატორსი", რომელიც იმერსიული გამოცდილებების, აუდიო-ვიზუალური შოუების, ინტერაქციული ინსტალაციებისა და თამაშების შექმნაზეა ორიენტირებული. პარალელურად, ტიკტოკზე კალმით წერასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება დავიწყე და მზარდმა ინტერესმა მეგობრებთან ერთად მანუსკრიპტის შექმნამდე მიმიყვანა. ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა პრემიუმ კალსის ისეთი ბლოკნოტი, რომელიც მსოფლიოში არსებულ პრემიუმ კლასის სხვა ბლოკნოტებს არაფრით ჩამოუვარდებოდა და მინიმუმ ერთი კომპონენტი მაინც ექნებოდა უკეთესი. მართლაც, თუ აიღებთ მანუსკრიპტის ნებისმიერი ფორმატის ბლოკნოტს და დაუდებთ ნებისმიერ სხვა პრემიუმ კლასის ბრენდის პროდუქტს, აღმოაჩენთ, რომ მას ყველა თვისება აქვს, რაც ამ შესადარებელ ბლოკნოტს და მინიმუმ ერთი კომპონენტი მაინც აქვს უკეთესი. ამის პარალელურად მიმყავდა ლიტერატურული გადაცემა და კვირაში მინიმუმ ერთი ახალი წიგნი უნდა წამეკითხა, მომემზადებინა მისი განხილვა და მოვმზადებულიყავი სტუმართან დიალოგისთვის. ამ ყველაფერს კი ემატებოდა პირად ცხოვრებაში არსებული ამოცანები, მოულოდნელი ზარები, რომლებიც ახალ დამატებით ამოცანებს მიჩენდა და ცხადია, რაღაც დრო წერისა და მუსიკისთვისაც უნდა დამეთმო. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ერთ დილით უბრალოდ გავშეშდი. მინდოდა ყველაფერი ერთდროულად მეკეთებინა და არ ვიცოდი რითი დამეწყო. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ცხოვრება კი არა, უკვე ჯოჯოხეთია და ნუთუ ეს ისაა, რაც მინდოდა?

დღეს ბევრს საუბრობენ ე.წ. "მულთითასქინგზე", რაც პარალელურად რამდენიმე საქმის კეთების უნარს ნიშნავს. თითქოს შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ როგორ რეაგირებს ჩვენი გონება ამ ყველაფერზე? ერთ დილით უბრალოდ მივხვდი, რომ ვეღარაფერს ვმართავ. ჩემი ცხოვრება აწყვეტილ რბოლას დაემსგავსა _ "ვდგები დილის შვიდ საათზე, სწრაფად მოვილევ დილის რუტინას და ვიწყებ ამოცანების შესრულებას. არასოდეს ჩერდება ჩატები და შეტყობინებები, არ წყდება ზარები, ასე გრძელდება გვიანობამდე, სანამ დაღლილობისგან ძალაგამოცლილი უბრალოდ არ გავითიშები, მაგრამ მაინც ყველგან ყველაფერს რაღაცას ვაკლებ, თითქოს თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი და მუდმივად დანაშაულის განცდა დამყვება". ესაა ორი წლის წინანდელი ჩანაწერი ჩემ დღიურში და სამწუხაროდ მსგავსი შინაარსის ტექსტი იმ დღიურში ბევრჯერ მეორდება. 

და სწორედ იმ ერთ დილით, როცა უბრალოდ გავშეშდი, რადგან გონებაში ვერაფრით დავალაგე რა რის შემდეგ უნდა გამეკეთებინა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა, უნდა მეპოვა მეთოდი, რომელიც საშუალებას მომცემდა საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები დამებრუნებინა და უბრალოდ არ ვყოფილიყავი პრობლემების მოგვარების ბორბალში. სწორედ ამ დროს, შემთხვევით, იუთუბზე კალმებსა და ბლოკნოტებზე განხილვების ყურებისას აღმოვაჩინე ერთი ვლოგერი, რომელიც დაახლოებით ნახევარსაათიან ვიდეოში დეტალურად განიხილავდა "ბულით ჟურნალის" წარმოების საკუთარ მეთოდს და ხსნიდა როგორ დაეხმარა ეს საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებაში. ვუსმენდი და როდესაც თავის ცხოვრებას და შეგრძნებებს აღწერდა, მეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი სხვა ენაზე და სხვა სხეულში და მივხვდი, რომ მარტო არ ვარ. ასე დავიწყე ძიება და იმდენად დამაინტერესა, რომ ამაზონზე რაიდერ ქეროლის წიგნის ელექტრონული ვერსია ვიყიდე და კითხვა დავიწყე. მისი ამბავი მართლაც შთამაგონებელია. 

წიგნში ის ყვება, რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაუსვეს ADD (ყურადღების დეფიციტის სინდრომი) დიაგნოზი. აშლილობა რაიდერს საშუალებას არ აძლევდა კონცენტრირებულიყო საკმარისი დროით საჭირო ამოცანის შესასრულებლად. მე ეს აშლილობა არ მაქვს, მაგრამ რასაც რაიდერ ქეროლი ამ წიგნში თავის შეგრძნებებზე აღწერდა, მაგას განვიცდი, როცა შესასრულებელი ამოცანების და გადასაჭრელი პრობლემების რაოდენობა რაღაც ზღვარს სცდება. ამ დროს ჩემი გონება საშინელი სისწრაფით იწყებს საკითხიდან საკითხზე გადახტომას და ერთდროულად ბევრ რამეზე ვფიქრობ, მაგრამ ვეღარაფერს ვაკეთებ. ზოგჯერ ეს შეიძლება მთელ დღეს გაგრძელდეს ისე, რომ საქმის კეთება უბრალოდ ვერც დავიწყო. რაიდერ ქეროლმა ამ პრომლების გადაჭრის გზას მიაგნო.წლების განმავლობაში რაიდერ ქეროლი მისი დახმარებით ახერხებდა ADD-სთან გამკლავებას, გახდა დიზაინერი, მუშაობდა და საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა. ერთხელაც მისი თანამშრომელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რთული სამუშაოს პარალელურად, საკუთარი ქორწილი უნდა დაეორგანიზებინა და უამრავ დეტალთან გამკლავებას ვეღარ ახერხებდა. როგორც რაიდერი იხსენებს, მისი ოფისის კედელი, დეტექტიურ ფილმებში ნანახ დეტექტივის კედელს დაემსგავსა, რომელზეც უამრავი პატარა ფურცელი იყო გაკრული ტელეფონის ნომრებით თუ სხვადასხვა შესასრულებელი ამოცანებით. რაიდერმა დახმარება შესთავაზა და თავისი სისტემა გააცნო. მეგობარი გაოცებული უსმენდა და როდესაც რაიდერმა ახსნა დაასრულა, მან უთხრა: "ეს მსოფლიოს უნდა გააცნო". ასე შექმნა რაიდერ ქეროლმა ვებგვერდი http//bulletjournal.com და მისდა გასაოცრად ერთ კვირაში საიტს 100000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა. ეს მოხდა 2012 წელს და მას შემდეგ ბულით ჟურნალი მილიონობით ადამიანს დაეხმარა. 

ბულით ჟურნალის პოპულარობას, მისი წარმოების სიმარტივეც განაპირობებს. ამისთვის გჭირდება მხოლოდ ბლოკნოტი წერტილებიანი ფურცლებით და კალამი ან ფანქარი. საქმეები იყოფა ბლოკებად და თითოეულ მათგანს მიანიჭებული აქვს გრაფიკული აღნიშვნა: 

ეს გრაფიკული აღნიშვნები გეხმარება მთელი დღე ერთ გვერდზე დაგეგმო, ისე რომ არაფერი გამოგრჩება და ეს გეხმარება არა მხოლოდ იმის დანახვაში კონკრეტულ დღეს რას აკეთებდი, არამედ რას გრძნობდი და რა იყო ამ ყველაფრის კონტექსტი. გარდა ამისა აკეთებ ორ კალენდარს თვის ჭრილს და მომავლის ჭრილს (სურვილის შემთხვევაში შეგიძლია კვირის კალენდარი ცალკე გააკეთო). თვის ჭრილი გეხმარება დაგეგმო მიმდინარე თვე და მონიშნო ძირითადი თარიღები, ამოცანები, დედლაინები და ა.შ. მომავლის ჭრილი კი იგეგმება ორ პარალელურ ფურცელზე და მოიცავს მომავალ ექვს თვეს.

ეს გვეხმარება გამოვყოთ ძირითადი ამოცანები მომავალი ექვსი თვისთვის და მიმდინარე ამოცანებიდან, თუ მივხვდით, რომ რამე ახლა არ არის რელევანტური, შეგვიძლია მომავლის ჭრილში გადავიტანოთ. მაგალითად, გვინდა წავიკითხოთ კარლ სეიგანის კოსმოსი, დღეს უნდა დაგვეწყო, მაგრამ მივხვდით, რომ ძალიან ბევრი პრიორიტეტული ამოცანა გვაქვს და ზედიზედ უკვე ერთი კვირაა ამ ამოცანას სახვალიოდ ვდებთ, ვუყურებთ უფრო შორეულ გეგმებს და თუ ვხედავთ, რომ მაგალითად ოქტომბერში დაგეგმილი გვაქვს ერთკვირიანი დასვენება, ეს ამოცანა იმ პერიოდისთვის გადაგვაქვს. ბულით ჟურნალის წარმოებისას, მნიშვნელოვანია იგნორირება არ გავუკეთოთ შეუსრულებელ ამოცანებს და თუ ერთი და იგივე ამოცანის შესრულებას ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში  ვერ ვახერხებთ და სახვალიოდ ვდებთ, გავაანალიზოთ საერთოდ გვინდა კი ამის გაკეთება? საჭიროა? იქნებ საერთოდ არაა მნიშვნელოვანი? და თუ მაინც მნიშვნელოვანია, იქნებ ჯობდეს ცოტა შორს გადავიტანოთ, როცა მის შესრულებას მართლაც შევძლებთ. 

და აქ მთავარ საკითხს უნდა შევეხოთ _ ბულით ჟურნალი არ არის უბრალოდ ორგანიზების მეთოდი. მისი საშუალებით უნდა გავერკვეთ საკუთარ სურვილებში. მისი დევიზია: "აღწერე წარსული, მართე აწმყო, შექმენი მომავალი" (Track the past, Order the present, Design the future). ბულით ჟურნალის მთავარი ღირსება ჩემი აზრით ისაა, რომ მისი სტრუქტურა ღიაა. არ არსებობს წინასწარ დახაზული ფურცლები, რომლებიც მიგითითებს რომელ გრაფაში რა უნდა ჩაწერო, შეგიძლია აიღო ნებისმიერი წერტილებიანი ბლოკნოტი და მისი წარმოებისას საკუთარი, შენ ცხოვრებაზე ზუსტად მორგებული მეთოდი იპოვო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი პერიოდული წაკითხვაა. იმისათვის, რომ ბულით ჟურნალი მართლა დაგეხმაროს, აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი პირობის დაცვა: 1. ის უნდა აწარმოო ყოველ დღე; 2. გარკვეული პერიოდულობით უნდა გამოყო დრო და წაიკითხო რა მოხდა განვლილ დღეებში. ეს შეიძლება გააკეთო კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ დაინახო შენი ცხოვრება, რას აკეთებ, რას ვერ აკეთებ და გაერკვე რატომ აკეთებ ან არ აკეთებ ამ ყველაფერს. შენი ამოცანაა მექანიკური, გაუაზრებელი ცხოვრებიდან გამოხვიდე და შეხედო მის ზუსტ ანარეკლს. სწორედ ამაშია ამ მეთოდის უმთავრესი ძალა და უპირატესობა. ერთ გვერდზე თავმოყრილია ყველაფერი, რაც გააკეთე, რაც ვერ გააკეთე, შენი შეხვედრები, შესრულებული და შეუსრულებელი ამოცანები, გადადებული საქმეები, პირადი და საქმიანი ამოცანები. როდესაც მის წაკითხვას იწყებ, ხედავ შენი ცხოვრების მთელ კონტექსტს. ხედავ ისეთს, როგორიც ის ნამდვილად არის და შეგიძლია შენ თავს ჰკითხო ეს ის არის, რაც მართლა გინდა? რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? რას შეცვლიდი? 

ბულით ჟურნალი უბრალოდ დაგეგმვაში კი არ გეხმარება, არამედ ის ცხოვრების მართვის ინსტრუმენტი ხდება. ამას აკეთებ ყოველ დღე 15 წუთის დათმობით და შენ უკვე აღარ ხარ ბორბალში. შენ ხედავ რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რას აკეთებ ეფექტურად და რა არის ის, რასაც მუდმივად "ხვალისთვის" გადადებ ხოლმე და რაც მუდმივად გსტრესავს, დაუსვა შენ თავს კითხვა _ კი მაგრამ საერთოდ მჭირდება ამის გაკეთება? 

ბულით ჟურნალის უნიკალურობა იმაშია, რომ შენ თავად ქმნი საკუთარ დღიურს შენი ცხოვრების შესაბამისად. არ ხარ შეზღუდული წინასწარ გაწერილი სტრუქტურით, მოცემული არეებით ან გამზადებული საზღვრებით. ამისთვის გჭირდება მხოლოდ წერტილებიანი ბლოკნოტი და კალამი ან ფანქარი. მე მაგალითად ჩემთვის იდეალურ სტრუქტურას ორი წლის თავზე მივაგენი. ამისთვის ვიყენებ მანუსკრიპტის საჩანთე ზომის ბლოკნოტს ორი ჩანართით - წერტილებიანი რვეულით და წიგნაკით. რვეულში გავაკეთე წლიური კალენდარი და "მომავლის ჭრილი". 

წლიური კალენდარი

ამავე კალენდარში ცალკე დავხაზე კვირებად დაყოფილი კალენდარი, რომელსაც შედარებით შორს დაგეგმილი შეხვედრების ჩასანიშნად ვიყენებ.
წიგნაკში კი ვაწარმოებ "თვის ჭრილს", ანუ მიმდინარე თვის კალენდარს და მივყვები ყოველდღიურ წარმოებას. დღის დასაგეგმად გვერდს ოთხ ტოლ ნაწილად ვყოფ. ერთ მეოთხედზე ვწერ მოვლენებს, მეორე მეოთხედზე ვწერ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ამოცანებს, მესამე მეოთხედი ეთმობა ამბავი კრეატორსთან დაკავშირებულ ამოცანებს, ხოლო მეოთხე მეოთხედი _ მანუსკრიპტს. ასე სტრუქტურულად ერთიანად ვხედავ იმ დღეს გასაკეთებელ საქმეებს, ვსაზღვრავ პრიორიტეტებს და არაფერი გამომრჩება. უფრო მარტივად ვხედავ ცხოვრების კონკრეტულ მხარეებში სად ვარ მოცემულ ეტაპზე. შემდეგ გვერდზე კი უკვე ვაკეთებ ჩანაწერებს, დღის ბოლოს კი აღვწერ რა მოხდა ამ დღეს, რას ვგრძნობდი, რას განვიციცი და ა.შ.


დღის დაგეგმვის გვერდი

ყოველ კვირა დღეს ვკითხულობ განვლილი კვირის ჩანაწერებს, ვაფასებ სად ვარ, რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, ეს ის არის რაც ნამდვილად მინდა? რა შემიძლია შევცვალო ან გავაუმჯობესო? რა არის ზედმეტი? რომელი ამოცანა არ შესრულდა? რატომ? იქნებ საერთოდ არ არის საჭირო ამის გაკეთება? და ა.შ.

ბულით ჟურნალის წყალობით თავს უკვე აღარ ვგრძნობ ბორბალში, არამედ ვხედავ ჩემ ცხოვრებას ისეთს, როგორიც ის მართლა არის, ვაფასებ და ვცვლი რისი შეცვლაც მინდა, ზუსტად ვიცი ჩემი მიზნები და ვხედავ ამ მიზნებისკენ სავალ გზას.

სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ წლის სტანდარტული ყოველდღიური დაგეგმვის ბლოკნოტების ნაცვლად, მანუსკრიპტის მომხმარებლებს და პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ მანუსკრიპტის სპეციალური გამოცემა "ცხოვრების ნავიგატორი". მას მოყვება სპეციალური სახელმძღვანელო და სტიკერები, რომლებიც დაგეხმარებათ მარტივად მოარგოთ ის თქვენი ცხოვრების წესს და შექმნათ გვერდების დიზაინი. ამით თქვენ შექმნით თქვენი ცხოვრების მართვის პირად ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში რადიკალურად შეცვლის თქვენ ცხოვრებას.