საოჯახო ბლოკნოტები ანუ Zibaldone
მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი ჩინეთში სავარაუდოდ ძვ.წ.აღ-ის II-I საუკუნეების მიჯნაზე გამოიგონეს, თანამედროვეს მსგავსი ბლოკნოტები მხოლოდ XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე იტალიიდან გავრცელდა. რატომ დასჭირდა ამდენი საუკუნე ქაღალდის გავრცელებას ცალკე ამბავია და ამჯერად არ შევჩერდები, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ამ მარტივი და ჩვენ სამყაროში ფართოდ გავრცელებული ნივთის გამოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში ორ მნიშვნელოვან ფენომენს დაუდო სათავე.
პირველი ეს იყო თანამედროვეს მსგავი ბუღალტრული აღრიცხვის გაჩენა, რამაც ვაჭრობა, ვალუტის კონვერტაცია და ფინანსური აღრიცხვა უფრო ზუსტი გახადა და ამით ბიძგი მისცა საბანკო სისტემის განვითარებას. სანამ ვენეცია და გენუა ერთმანეთს ზღვაზე ჰეგემონიასა და სავაჭრო გზების ექსპანსიაში ეცილებოდნენ, ბლოკნოტებით აღჭურვილმა ფლორენციელმა ვაჭრებმა ზუსტი ფინანსური ჩანაწერების წყალობით ნამდვილი ეკონომიკური სასწაული შექმნეს და პირველ გამართულ, გლობალურ ქსელად ჩამოყალიბებულ საბანკო სისტემას ჩაუყარეს საფუძველი.
მეორე კი იყო რენესანსის ეპოქა, რადგან ხატვის ნიჭით ჯილდოებულ ადამიანებს ბლოკნოტების დახმარებით საკუთარი ნიჭის განვითარება მონასტრებს გარეთაც შეეძლოთ. მათ დაიწყეს ხატვა ხატწერის კანონების გვერდის ავლით. პირველად მიეცათ შესაძლებლობა დაეხატათ რეალური სამყარო და ადამიანები, რამაც ნახტომისებურად განავითარა მხატვრობა. ქაღალდის ფართოდ გავრცელებამ წერა-კითხვის მონასტრებს გარეთ შესწავლას შეუწყო ხელი. ძვირადღირებული პერგამენტებისგან განსხვავებით, იაფფასიანი და მარტივად სატარებელი ქაღალდის ფურცლებიანი ბლოკნოტების გაჩენამ, პოეზიის და სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, საკუთარი შემოქმედების ჩაწერის და გავრცელების საშუალება მისცა. ეს ყველაფერი - მკვეთრი ეკონომიკური ზრდა და შემოქმედებისა და განათლების ფართო გავრცელება, - საფუძვლად დაედო რენესანსის ეპოქას.
და აი, მთელ ამ დიდებულ ისტორიაში გაჩნდა კიდევ ერთი ტიპის ბლოკნოტი - Zibaldone, რომელიც არც ბუღალტერიასა და ფინანსებთან იყო დაკავშირებული და არც ხელოვნებასთან, ეს იყო ოჯახის დიასახლისის ბლოკნოტი, სადაც თავს იყრიდა კულინარიული რეცეპტები, ცალკეული სამედიცინო რჩევები, მნიშვნელოვანი საოჯახო ამბები და ტრადიციები, ხშირად კი გულს მოხვედრილი ფრაზებიც ცნობილი მხატვრული ნაწარმოებებიდან თუ ყურადსაღები ბრძნული გამონათქვამები. ხშირად Zibaldone თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ახალი გამოცდილებით, ისტორიებითა და ტრადიციით ივსებოდა. ეს იყო ერთგვარი მატიანეც და წინაპირობაც, რომ ცხოვრების ძველი, გამოცდილი და ოჯახის რამდენიმე თაობაგამოვლილი უნიკალური მეთოდები დავიწყებას არ მიეცემოდა.
საქართველოში ასეთ ბლოკნოტებს სპეციფიკური სახელი არ ჰქონია, თუმცა ამგვარი ბლოკნოტები თუ რვეულები ოჯახებში დღემდე მოიძებნება. ალბათ Zibaldone და მთელი ეს ამბავი კიდევ დიდხანს არ გამახსენდებოდა, რომ არა ახალი წელი და ოჯახთან გატარებული დღეები. ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ სადაც არ უნდა ვიყოთ ოჯახის წევრები, ახალი წლისთვის ყოველთვის ვცდილობთ თელავში შევიკრიბოთ და ერთად გავატაროთ საახალწლო და საშობაო არდადეგები. როგორც ოჯახების უმრავლესობას, ჩვენც გვაქვს საახალწლო რიტუალების ჩვენებური ტრადიციები, მენიუ და საახალწლო კერძების მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი რეცეპტები თუ მომზადების ხერხები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორი ერთნაირი საცივი და გოზინაყი არ არსებობს, ამიტომ საახალწლო "მომლოცველობა" ხშირად ერთგვარ კულინარიულ თავგადასავალსაც გულისხმობს.
საახალწლო სამზადისში ყველას ჩვენი როლი და ფუნქცია გვაქვს, ისევე როგორც ყველა ვაკეთებთ თითო კერძს მაინც, რომელიც განსაკუთრებით გვიყვარს და გამოგვდის. ეს სამზადისი გვიქმნის სადღესასწაულო განწყობას. სწორედ ამ ფუსფუსის დროს შევამჩნიე, რომ დედამ მარგო ბებოს ნაქონი ძველი, ხშირი ფურცვლისგან უკვე გვარიანად გაცვეთილი რვეული გადმოიღო და თავისთვის რაღაც დააზუსტა, შემდეგ კი შარშან ჩემ მიერ ნაჩუქარი ბლოკნოტიც ამოიღო და უკვე იქ ჩაიხედა. ამის დანახვისას უცბად ამომიტივტივდა გონებაში ეს სიტყვა და მივხვდი, რომ რასაც ვუყურებ სწორედ Zibaldone-ა. ბებოს ჩანაწერები დედამ გააგრძელა და ამ ყველაფერს ალბათ მერე ჩემი და განაგრძობს, ის კი თავის მხრივ ერთ მშვენიერ დღეს ნატალის გადაულოცავს. ამ ფიქრში მივხვდი, რომ ეს ლამაზი, მშვენიერი ტრადიცია შესაძლოა ჩვენ თვალწინ მოკვდეს, რადგან ჩვენ, ციფრული ეპოქის ადამიანები სულ უფრო იშვიათად ვიწერთ რეცეპტებს, ტრადიციული მედიცინის რჩევებსა თუ ოჯახის მეხსირებისთვის მნიშვნელოვან რიტუალებს. სამზარეულოში ბებოს ჩანაწერები ხელოვნურმა ინტელექტმა და კულინარიით გატაცებული ინფლუენსერების ვიდეოებმა ჩაანაცვლა. გამოცდილების გაზიარებას რა ჯობს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ბებიების მიერ დასმული გემოები დავიწყებას იმსახურებს?
ვფურცლავდი მარგო ბებოს ხელით ნაწერ გვერდებს და გული სითბოთი მევსებოდა. რამდენჯერ გადავურჩენივართ ამ ფუცლებზე ჩაწერილ უცნაურ რჩვებს? რამდენჯერ მომისმენია მისი მომზადებული კერძებისგან აღფრთოვანებული სტუმრების ფრაზა: "მარგო დეიდა ამის რეცეპტს ჩამაწერინებთ?" ამას კი უკვე დედაჩემის მიერ მომზადებული კერძებით ჩემი და ჩემი დის მეგობრების აღფრთოვანება დაემატა და დედაჩემიც ხშირად აიღებს ხოლმე ჩემ ნაჩუქარ ბლოკნოტს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან რეცეპტებს, სამკურნალო მეთოდებს თუ საინტერესო გამონათქვამებს ინიშნავს ხოლმე და ხან ვის აწერინებს და ხან ვის. ამ ყველაფერმა ბუნებრივად მომანდომა შევქმნათ მანუსკრიპტის სპეციალური გამოცემა Zibaldone/ზიბალდონი, რომელიც ამ ტრადიციას აღადგენს და ახალ თაობებს გადასცემს, როგორც ოჯახური ტრადიციებისა და ღირებულებების გაგრძელების ლამაზ და ამავდროულად პრაქტიკულ შესაძლებლობას. ამდენად, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად 2026 წელი ჩემთვის ზიბალდონიზე ფიქრით დაიწყო და იმედი მაქვს მალე შემოგთავაზებთ კიდეც ჩემი ოჯახის რამდენიმე თაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით სტრუქტურირებულ პირველ ქართულ ზიბალდონის.