ბლოკნოტი, როგორც შთაგონების წყარო

ალბათ მათ უმრავლესობას, ვისაც ლიტერატურა უყვარს, აინტერესებს საიდან მიიღო საყვარელმა მწერალმა ამა თუ იმ ნაწარმოების შთაგონება. ზოჯერ ეს მართლაც ამაღელვებელ ისტორიას უკავშირდება ხოლმე, როგორც მაგალითად მარკესის „მარტოობის ასი წელიწადის“ შემთხვევაში. მარკესის ალბათ ყველა მოყვარულმა იცის ეს ამბავი როგორ მიდიოდნენ მანქანით ის და მისი ცოლი და როგორც ეწვია მწერალს მოულოდნელად შთაგონება, მოატრიალა მანქანა, სახლში დაბრუნდა და შემდეგი რვა თვის განმავლობაში ცხვირი აღარ გამოუყვია იქიდან, იჯდა და წერდა. სიყვარულით შთაგონებულ ნაწარმოებებზე ხომ საერთოდ დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. თუმცა ამის მიღმა არაერთი მწერალი ამბობს, რომ საერთოდ არ ელოდება რამე ამაღელვებელს და შთაგონებად შეიძლება სულაც მოწყენილობა და ახალი ბლოკნოტი ან კალამი იქცეს. აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს პოლ ოსტერის "მისნის ღამე", სადაც პროტაგონისტი სეირნობისას მაღაზიაში ლურჯყდიან ბლოკნოტს ყიდულობს და ამ ბლოკნოტით შთაგონებული იწყებს ახალი წიგნის წერას. ამას რა მოჰყვება მერე და მერე, წასაკითხი ამბავია და თუ ვინმეს არ წაგიკითხავთ, არ დაგასპოილერებთ, მაგრამ ჩვენთვის ნიშანდობლივი აქ ისაა, რომ მოგვიანებით პოლ ოსტერმა თქვა, ეს პირადი გამოცდილებიდან ვასესხე პერსონაჟს და ჩემ მწერლურ ცხოვრებაში არაერთხელ მომხდარა, რომ სწორედ კონკრეტულ ბლოკნოტში წერის ვნებას დაუწერინებია მთელი ტექსტიო.

უფრო ჩვენებური ამბავი რომ გავიხსენოთ, აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსას" ვერ ავუვლით გვერდს, სადაც მთხრობელი გვიყვება, რომ ამ კუნძულებზე მოგზაურობისას იქაური ამბების წერა რვეულებში დავიწყე, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემი ბავშვობის დროინდელ თხელყდიან რვეულებსო. ცნობილი ამბავია, რომ აქაც ავტორმა მთხრობელ პერსონაჟს თავისი ამბავი აჩუქა, რადგან ასე მსმენია, რომ აკა მორჩილაძეს მართლაც უყვარს რვეულებში წერა. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ მანუსკრიპტზე მუშაობისას, ეს ამბავი ჩვენთვის აღმოჩნდა შთამაგონებელი. მანუსკრიპტი ბაზარზე ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გაგვეშვა, გასულ წელს კი "სანტა ესპერანსას" გამოცემიდან 20 წელი შესრულდა და ჩვენებურად გვინდოდა აღგვენიშნა. დავგეგმეთ კიდეც მანუსკრიპტის ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც სანტა ესპერანსასეული რვეულების ყდების დიზაინით გვქონდა ჩაფიქრებული. სამწუხაროდ ქვეყანაში დატრიალებული ამბების ფონზე, 2025 წლის გაზაფხულამდე სრულად მოგვიწია ყველა პროცესის გაჩერება და ეს ამბავი არ გამოვიდა. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მანუსკრიპტის საჯაროდ გამოსვლისთანავე ჩვენი საჩანთე კომპლექტი დამატებითი წიგნაკებითა და რვეულებით აკა მორჩილაძეს საჩუქრად გავუგზავნეთ. ვინ იცის, იქნებ აკას ახალი წიგნი, სწორედ ჩვენ რვეულებსა და წიგნაკებშიც დაიწეროს. 

ცხადია, როდესაც მანუსკრიპტის ბლოკნოტებზე ვმუშაობდით არც საკუთარ მწერლურ გამოცდილებაზე მითქვამს უარი, რადგან მეც ყველაფერს ბლოკნოტებში ხელით ვწერ და იმ მწერლებს მივეკუთვნები, რომლებიც წერით მოწყენილობას იქარვებენ.  ჩემთვის წერა ფორმის ძიებით იწყება, ამ ფორმას კი ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად შემოფეთებული ბლოკნოტი მკარნახობს ხოლმე.  ასე იყო პირველი რომანის შემთხვევაში, როცა 10 წლით ადრე ბელგიელი ფოტოგრაფის მიერ ნაჩუქარი მწვანეყდიანი ბლოკნოტი გამოვაძრე და ვთქვი, რომ დრო დადგა მასში დავწერო-მეთქი.

ეს გრძნობა, როცა ახალი ბლოკნოტი წინ გიდევს და ვერა და ვერ გადაგიწყვეტია რა ჩაწერო შიგნით, ალბათ ხელით წერის ყველა მოყვარულს გამოუცდია. ამ დროს ერთდროულად ორი ფიქრი გტანჯავს: ერთი მხრივ სული გელევა ისე გინდა რამე ჩაწერო და მეორე მხრივ არ გინდა შეცდე და ისეთი რამე გადაიტანო ფურცელზე, რაც მას ჩვეულებრივ მოსახმარ ბლოკნოტად აქცევს. ასე იყო ჩემი და ამ მწვანეყდიანი ბლოკნოტის ამბავიც. იმდენად სრულყოფილად მეჩვენებოდა, ათი წელი მედო, პერიოდულად გადმოვიღებდი თაროდან, გადავფურცლავდი და უკან თავის ადგილზე ვაბრუნებდი, სანამ ერთ საღამოს მასში ჩემი პირველი რომანის „სიბრძნე სიცრუისას“ წერა არ დავიწყე. 

ბლოკნოტით დაიწყო „იყო“-ს ამბავიც, როცა ჩემმა მეგობარმა, ტყავის ოსტატმა ნიკომ, თავისი აკინძული ტყავისყდიანი ბლოკნოტი მაჩუქა, ჩაიში ხელოვნურად გაყვითლებულ-დაძველებული ფურცლებით. ვიჯექი ამ ბლოკნოტის წინ და ვფიქრობდი, რა იქნებოდა ვინმეს ძველი, წარმართული ქართული რელიგიის შესახებ რამე ჩანაწერები ეპოვა-მეთქი. ჰოდა, დავიწყე წერა ტექსტისა, რომელსაც დავარქვი „წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის“. ამავე პერიოდში, ერთ ტრენინგს ვესწრებოდი, სადაც  უხარისხო, პრიალაყდიანი, იაფფასიანი ჩინური ბლოკნოტები დაგვირიგეს, მე კი ვფიქრობდი, ვის შეიძლება ეს ბლოკნოტები მოსწონდეს? ვინ შეიძლება მას ყოველ დღე იყენებდეს? ასე გაჩნდა ჩემ თავში პერსონაჟი „ღვარძლიანი ელიკო“. პროვინციული გაზეთის გაბოროტებული ჟურნალისტი, რომელიც ფსევდონიმით, ანონიმურად წერს ცილისმწამებლურ, ტყუილებით და ღვარძლით სავსე სტატიებს საკუთარ თანაქალაქელებზე. სწორედ ამავე პერიოდში, მარჯანიშვილის ქუჩაზე სეირნობისას პატარა თურქულ საკანცელარიო მაღაზიას გადავაწყდი. დიდი ასოებით ეწერა „ლიკვიდაცია“. იმ იმედით შევეხეტე, რომ რამეს იაფად ჩავიგდებდი ხელში. თაროებზე თითქმის აღარაფერი იდო. ჩემი ყურადღება კი ერთმა მაგარყდიანმა, სქელმა ბლოკნოტმა მიიქცია. ალბათ 500 გვერდი მაინც იქნებოდა და მისი ზომა-წონის გათვალისწინებით ძალიან იაფი ღირდა. ვიყიდე და სახლში მისვლისთანავე დავიწყე წერა ოჯახზე, რომლის რამდენიმე თაობა გატაცებული იყო ისტორიითა და ძველი ნივთებით. ეს ყველაფერი კი ანტიკვარული მაღაზიის გახსნით დაგვირგვინდა. საბოლოოდ ეს სამი ბლოკნოტი და მათში თავდაპირველად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწყებული ტექსტები ერთმანეთს გადაება და  ასე დაიბადა „იყო“.

მთელ ჩემ ბლოკნოტებთან დაკავშირებულ წერის ამბებში კი, მანუსკრიპტისთვის გადამწვეტი მნიშვნელობა იმ ორ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბლოკნოტს ჰქონდა, რომლებიც პეკინზე, ლიტერატურულ კაფეში ამ თორმეტიოდე წლის წინ შევიძინე. ეს მოხდა „ორდროშობანაზე“ მუშაობის დაწყებისას, რომელიც პირველი რომანის გამოცემიდან მალევე დავიწყე, თუმცა მერე მრავალი წლით შევწყვიტე მუშაობა და მხოლოდ 2020 წელს დავასრულე. „ორდროშობანას“ წერა სწორედ ზემოხსენებულ ბლოკნოტებში დავიწყე. ის დრო იყო, როცა მეგობარმა ჩემი პირველი ძვირადღირებული კალამი Montblanc Meisterstück 146 მაჩუქა და ბლოკნოტებთან დაკავშირებით ახალი პრობლემა შემექმნა. მათი უმრავლესობა, რომლებიც ამ ქვეყანაში იყიდებოდა, უხარისხო ფურცლებით იყო აკინძული და ჭავლურ კალამს ვერ უძლებდა, ფურცელი მელნით იჟღინთებოდა და მეორე მხარეს წერის გაგრძელება შეუძლებელი ხდებოდა. მოკლედ თან უკვე ვმუშაობდი „ორდროშობანაზე“, სამუშაო ბლოკნოტში ცალკეულ მონახაზებს ვწერდი, პერსონაჟებს ვამუშავებდი, მაგრამ უშუალოდ ტექსტზე მუშაობის დასაწყებად შესაბამის ბლოკნოტს ვეძებდი.  ეს ორი ბლოკნოტი, რომლებიც იმ დღეს ლიტერატურულ კაფეში ვიყიდე, ვიზუალურად არაფრით გამოირჩეოდა. არ ვიცი რითი მიმიზიდა, იქნებ იმით, რომ ორი იდენტური ბლოკნოტი მჭირდებოდა, რომ თუ ერთში ვერ დაეტეოდა ტექსტი, მეორეში გამეგრძელებინა. სახლში მისვლისთანავე წერა დავიწყე. ახლაც მახსოვს ჩემი შეგრძნება, როცა ფურცელს შევეხე და მისმა სითხელემ და სირბილემ საოცარი სიამოვნების შეგრძნება მომგვარა, მაგრამ ეს შეხება არაფერი იყო მასზე წერის სიამოვნებასთან შედარებით. როგორც კი კალმის წვერი ფურცელს შევახე, მივხვდი, რომ მსგავსი გამოცდილება მანამდე არასოდეს მქონია. ფურცლის ზედაპირი იყო იდეალურად გლუვი და რბილი, თითქოს აბრეშუმზე ვწერდი და იმის მიუხედავად რომ უთხელესი იყო, იდეალურად იღებდა მელანს, მეორე მხარეს არ ატარებდა და მინდოდა დაუსრულებლად მეწერა.  გადავწყვიტე მეორე დღესვე წავსულიყავი ლიტერატურულ კაფეში და თუკი მსგავსი ბლოკნოტები ჰქონდათ, მთელი მარაგი მეყიდა. სამწუხაროდ იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მეტი აღარ იყო და ვერც ის მითხრეს კიდევ ექნებოდათ თუ არა. ვერც მწარმოებელი მითხრეს. ბლოკნოტს არანაირი ბრენდირება არ ჰქონდა, ყდაზე მხოლოდ ინგლისური სიტყვა Notes ეწერა. ბლოკნოტი პარკში იყო შეფუთული, პარკს კი გარედან მხოლოდ პატარა ქაღალდის სტიკერი ეკრა, რომელზეც შტიხკოდი და იაპონური იეროგლიფები იყო დატანილი. ორად ორი სიტყვა ეწერა ინგლისურად: Tomoe River. ასე გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში პირველად Tomoe River-ის ქაღალდი. სამწუხაროდ, ამ ფურცლებით დამზადებული ბლოკნოტები საქართველოში მას შემდეგ აღარასოდეს მინახავს. მოგვიანებით 2021 წელს, ორდროშობანას ხელნაწერი ეს ორი ბლოკნოტი, საქველმოქმედო აუქციონზე გავყიდე ერთი კარგი ადამიანის დასახმარებლად და ამ ამბავს ალბათ გაგრძელებაც არ ექნებოდა რომ არა მანუსკრიპტი.

თავდაპირველად, როდესაც მანუსკრიპტზე მუშაობა დავიწყეთ, მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ მასში უნდა გამეთვალისწინებინა ხელით ყოველდღიური წერის მთელი ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება და ცხადია, ერთ-ერთი პირველი საკითხი იყო რა ფურცლებით უნდა დაგვემზადებინა? ფურცლის ძიებაში შემოვიარეთ საქართველოში არსებული ფურცლის ალბათ ყველა შემომტანი, გავტესტეთ არაერთი ევროპელი მწარმოებლის პროდუქტი, მაგრამ ყველა ფურცელს რაღაცას ვუწუნებდით, ზოგს ფერს, ზოგს ფაქტურას, ზოგი ზედმეტად სქელი და უხეში იყო, ზოგი ზედემტად თხელი და იჟღინთებოდა, ჩვენი მოსაწონი არაფერი იყო და ყველას გვარიანად მოვაბეზრეთ თავი. ერთ საღამოს, უკვე იმედი რომ გადამეწურა, ჩემ პარტნიორებს, ნინოს და თინათინს ტომოე რივერზე მოვუყევი. აშკარა იყო ტომოე რივერი ჩვენ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, მაგრამ შეუძლებელი ჩანდა მისი შოვნა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი ქარხანა აწარმოებს მსოფლიოში, დილერების საშუალებით არ ყიდიან, ყიდვა თუ გინდა პირდაპირ იაპონიიდან უნდა წამოიღო და ისიც იმ შემთხვევაში თუ დაგთანხმდნენ და მოგყიდეს. მე ამის იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვცადეთ, მოვიძიეთ მწარმოებელი კომპანიის მეილი და მივწერეთ წერილი. თავიდან მივიღეთ ზრდილობიანი უარყოფა, მაგრამ არ დავნებდით და დეტალურად მოვუყევით როგორ ვხედავდით მანუსკრიპტს, რა იყო ჩვენი ბრენდის კონცეფცია, რა გამოგვარჩევდა ყველასგან და რამდენად გულით გვსურდა ამ ყველაფრის რეალობად ქცევა. და აი, ის რაც შეუძლებლად ჩანდა, რაზეც თავდაპირველად უარი გვითხრეს, შესაძლებლად იქცა. ვიყიდეთ და საქართველოში ჩამოვიტანეთ ქაღალდის პირველი პარტია და დავიწყეთ პროდუქტების შექმნაზე მუშაობა. ასე დაიბადა მანუსკრიპტი. 

ისე გამოვიდა, რომ თუ აქამდე ბლოკნოტები მაძლევდა ტექსტების ინსპირაციას, ახლა ჩემმა გამოცდილებამ მომცა შთაგონება როგორი უნდა ყოფილიყო მანუსკრიპტი და ახლა უკვე თავად მანუსკრიპტი იქცა ინსპირაციად ახალი ტექსტებისთვის. იმედი მაქვს, რომ ის თქვენთვისაც შთამაგონებელი იქნება თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რადგან შთაგონება და შემოქმედებითობა ყველა საქმეს ერთნაირად სჭირდება, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ.