როგორ დავამარცხე სქროლვაზე დამოკიდებულება

თანამედროვე ადამიანებს სულ უფრო ხშირად გვაწუხებს სხვადასხვა შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები, კვებისა და ძილის დარღვევები და ა.შ. სანამ ისტორიის და სოციოლოგიის მკვლევრები გვარწმუნებენ, რომ კაცობრიობა არასოდეს ყოფილა ასე მდიდარი და უსაფრთხო, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისისა და უკრაინის ომის ფონზე, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მიუთითებენ მზარდ მიმართვიანობაზე და ქცევითი თუ ნერვული აშლილობების მრავალფეროვნებაზე. ზოგი რადიკალური შეფასებით ნერვული აშილობები 21-ე საუკუნის პანდემიაა. თუ ისტორიის მკვლევარს ჰკითხავთ, მარტივად გეტყვით, რომ დღეს საშუალო ფენის ადამიანები უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი მენიუთი სარგებლობენ, ვიდრე ორიოდ საუკუნის წინ მეფეები და იმპერატორები, თუმცა სტატისტიკა ჯიუტად გვაჩვენებს, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები მეტად ვიტანჯებით შფოთვით და სხვადასხვა ნერვული აშლილობით. ზოგი კვლევის თანახმად ინტერნეტის, ელექტრონული მოწყობილობებისა და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, ვიდრე ამ 15-იოდე წლის წინ ერთი წლის განმავლობაში ვიღებდით. არ ვიცი ეს ვინ რა მეთოდით გაზომა, თუმცა მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს დრო, როდესაც მობილური ტელეფონები, მუდმივად ინტერნეტში ჩართული მოწყობილობები და სოციალური ქსელები ჯერაც არ არსებობდა. ამ რამდენიმე დღის წინ რაღაც სამეცნიერო სტატიაში წავიკითხე, რომ 80-90-იან წლებში დაბადეულები უკანასკნელი ადამიანები ვართ, ვისაც უინტერნეტო და სოციალური ქსელების გარეშე ცხოვრება გვახსოვსო. საშინლად ვიგრძენი თავი. გადასაშენებლად განწირული დინოზავრივით, თუმცა ამან მიბიძგა გამეხსენებინა ცხოვრება “სმარტფონების” გამოჩენამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობისას ინტერნეტი უკვე მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, როდესაც სახლს ან ოფისს ვტოვებდით, ჯიბეში გვედო მობილური, რომელსაც ან საერთოდ არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან, ან ძალიან შეზღუდულად შეეძლო მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მიღება და გაგზავნა ყოველგვარი მიმაგრებული ფაილების გარეშე. შესაბამისად, თუ საღამოს მეგობრებთან გატარებას, პიკნიკზე წასვლას, ან რაიმე ფიზიკურ აქტივობას გადაწყვეტდი, შეგეძლო ნამდვილად იქ ყოფილიყავი. დღეს კი ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად თქვენთან არიან, მაგრამ მათი გონება რომელიმე სოციალურ ქსელშია დატყვვებული. ასევე ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე სიამოვნების მიღების ნაცვლად, დაუსრულებლად იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში განსათავსებლად. ისე გამოდის თითქოს სადმე ყოფნას აზრიც აღარ აქვს თუ საჯაროდ არ გამოდე. ერთხელ აკა მორჩილაძემ მითხრა ეს სოციალური ქსელები იმას მაგონებს, ადამიანი რომ აივანზე გადმოდგეს საოჯახო ალბომით და ყველა გამვლელ-გამომვლელს დათვალიერება შესთავაზოსო :)))) ასეთი რამ ალბათ უცნაურად მოგვეჩვენებოდა, თუმცა არსებითად უმრავლესობა ამას ვაკეთებთ და დღეს უმცირესობაში უკვე ისინი არიან, ვინც პირად ამბებს საჯაროდ არ გამოფენს. მიუხედავადდ იმისა, რომ ძილის წინ ლეპტოპის მუხლებზე დადება მანამდეც შეგვეძლო, თვალის გახელისთანავე სოციალურ ქსელში შესვლა და ინფორმაციის ნიაღვარში თავით გადაშვება, ისევე როგორც ძილის წინ ტელეფონით ხელში წოლა, ის ჩვევებია, რომლებიც ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ჯერაც არავის ჰქონდა.

ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ჩვენი გონება ამისთვის უბრალოდ მზად არ არის. ჩვენი სხეული ვერ უძლებს მუდმივად წარმოსახვით დაძაბულობაში ყოფნას. თანამედროვე ადამიანებს უკვე მუდმივად სადღაც გვეჩქარება. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვუყუროთ გრძელ პანორამულ კადრებს, ან ვუსმინოთ დატვირთულ დიალოგებს ფილმში, მაშინაც კი თუ მის საყურებლად წინასწარ ვემზადებით. ჩვენი გონება მუდმივად სადღაც ცდილობს გაქცევას. საკმარისია რამე მიზეზით ფილმი დავაპაუზოთ, დაუყოვნებლივ ტელეფონს ვეცემით, რადგან თუ არ ვსქროლავთ, მუდმივად გვაქვს შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვეთ. წიგნს ვკითხულობთ თუ ფილმს ვუყურებთ, გვინდა იქაც დრო ჩვენი გონების ამ რიტმს მოერგოს. თითქოს რაღაც რბოლაში ვართ ჩართული, ბოლოს კი იწყება კონფლიქტი ჩვენივე გონებას, სხეულსა და რეალობას შორის, რომელიც ძილის დარღვევებში, ნერვულ აშლილობებსა და მუდმივ შფოთვაში გადაიზრდება. 

საკუთარ თავთან ყოფნა სულ უფრო მეტად გვიჭირს. მომენტი, როდესაც ზიხარ და იქ ხარ, სადაც ხარ არა მხოლოდ სხეულით, არამედ გონებითაც. ამის მნიშვნელობა პირველად სწორედ მაშინ გავიაზრე, როდესაც პანიკური შეტევების გამო თერაპიაზე დავიწყე სიარული და ჩემმა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, ჩემი გონების დასამშვიდებლად სხეულზე ორიენტირებული მაინდფულნესის ტექნიკა გამოიყენა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი გონებისა და ტემპისთვის რაღაც უნდა მომეხერხებინა. და როგორც მჩვევია ხოლმე გადავწყვიტე რადიკალური ვყოფილიყავი. როდესაც თერაპია დასრულდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვიგრძენი თავი, გადავწყვიტე ყველა სოციალური ქსელი გამეუქმებინა. მახსოვს მოულოდნელად გაჩენილი სიცარიელე. ასე მეგონა მთელ სამყაროს მოვწყდი. არ მოვიტყუები, პირველი ორი კვირა მარტივი არ ყოფილა. ყველა მომენტში, როცა მარტო ვრჩებოდი ან სადმე თავს უხერხულად ვგრძნობდი, ან რაღაცას ვაკეთებდი და მცირე შესვენებას ვიღებდი, ინსტიქტურად ჯიბიდან ვიღებდი ტელეფონს, დავხედავდი და კვლავ უკან ვაბრუნებდი. აღმოვაჩინე, რომ მობილური ტელეფონი სოციალური ქსელებში სქროლვის გარეშე არც ისე ხშირად გამოყენებადი ნივთია. მეორე, რაც აღმოვაჩინე, არანაირ ინფორმაციულ ვაკუუმში არ მოვექეცი. ყველა მნიშვნელოვანი და ძირითადი ამბავი, რაც ხდებოდა ქვეყანაში და მსოფლიოში და რაც მაინტერესებდა, ჩვეულებრივ აღწევდა ჩემამდე Google News-ის საშუალებით. უბრალოდ მანამდე ტელეფონის პირველ გვერდს შემთხვევით მარჯვნივ თუ გადავსქროლავდი, სასწრაფოდ უკან ვბრუნდებოდი და არასოდეს მიმიქცევია ყურადღება, რომ ამ გვერდზე გუგლი ახალი ამბების სხვადასხვა ბმულებს მთავაზობდა. ასე ვეცნობოდი ინფორმაციას ყოველგვარი სხვისი ინტერპრეტაციის გარეშე და ამ ინფორმაციას არ მოჰყვებოდა დაუსრულებელი განხლვები და უსაგნო დებატები კომენტარების ველში. შემეძლო თავად განმესაჯა მისი მნიშვნელობა. ჩემი ცხოვრებიდან გაქრა ბევრი ამბავი, რომლებსაც სტრესის და უსიამოვნების მეტი არაფერი მოჰქონდა. ყოველწამიერად მესენჯერებიდან ჩემ ცხოვრებაში აღარ იჭრებოდნენ ადამიანები, ხოლო ყველა იმ საკითხზე, რომლებშიც ჩემი ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო, ტელეფონით შესანიშნავად მიკავშირდებოდნენ. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუ ვინმეს მართლა სჭირდები აუცილებლად იპოვის გზას შენთან დასაკავშირებლად სოციალური ქსელის გარეშეც. თურმე, - “ვერ გავაუქმებ, აბა სამსახურის ჩატებს, სამეგობროს ჩატს, ბავშვის სკოლის ჩატს და ა.შ. რა ვუყო?!” - მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზი ყოფილა. 

ერთი კვირის თავზე მივხვდი, რომ დავმშვიდდი. აღმოვაჩინე, რომ თურმე არც ისე ცუდი ცხოვრება მქონია. თურმე ჩემი შფოთვის 75%-ის წყარო არა ჩემ ცხოვრებაში ნამდვილად არსებული პრობლემები, გამოწვევები და საფრთხეები, არამედ სხვების მიერ თავს მოხვეული ამბები და კონფლიქტები ყოფილა. გაიზარდა შრომის ნაყოფიერება. იმის გამო, რომ გონება აღარ კავდებოდა ინფორმაციის უკონტროლო ნაკადთან გამკლავებით, მეტი ამოცანის შესრულებას ვახერხებდი, ეს კი მეტი კმაყოფილებით მავსებდა. ცხადად ვიგრძენი, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დავიბრუნე და თითქოს შარაზე გამოდებული აღარ ვცხოვრობდი. აზრებს, რომლებსაც აქამდე ფეისბუქ სტატუსებად ვწერდი და რაც ხშირად ხდებოდა კამათის, უსიამოვნებისა და ტროლ-ბოტების შემოჭრის წყარო, და ძალიან ხშირად ნაკარნახევი იყო არა ჩემი თავიდან ან ცხოვრებიდან, არამედ სხვათა აზრებიდან ან სხვათა პრობლემებიდან, ახლა საკუთარ ბლოკნოტში ვწერდი. თანდათან ეს აზრები დაიწმინდა.

კალმით ფურცელზე წერა გონებას აიძულებს დამშვიდდეს, აქ და ახლა იყოს. ის იფიქროს, რაც შინაგანად მოდის და არა რაც გარედან ნაკარნახევია. თანდათან ქრება მუდმივი დაგვიანების, ჩამორჩენის, დანაშაულის შეგრძნება. გვეხმარება ვისწავლოთ კონცენტრაცია აწმყოზე, მომენტზე, რომელიც ყველაზე ნამდვილი და ხელშესახებია. დრო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ნერვიულობა, ისტერიულობა და მუდმივი შფოთვისა და განგაშის შეგრძნება არანაირად არ გვეხმარება დროის უფრო ეფექტურად მართვაში. ადამიანები ვართ, ჩვენ გონებას არ შეუძლია ერთი საკითხიდან მეორეზე ისევე გადახტეს, როგორც ტელეფონში ან კომპიუტერში გადავდივართ ერთი აპლიკაციიდან მეორეზე. ჩვენ გონებას სჭირდება გაჩერება და სხვა საკითხზე ეტაპობრივად გადასვლა. ჩვენ კომპიუტერები არ ვართ და როცა ვცდილობთ საკუთარი გონება ვაიძულოთ ისე მოიქცეს, როგორც ტექნიკა მუშაობს, საპირისპირო შედეგს ვიღებთ. კალმით წერა გონებას თავის ბუნებრივ რიტმში დაბრუნებაში ეხმარება და ამით სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს. სქროლვის ნაცვლად ფურცელზე რამდენიმე წინადადებით საკუთარი გრძნობების აღწერა გვეხმარება საკუთარ ნამდვილ ცხოვრებაზე კონცენტრაციაში. 

სოციალური ქსელების გაუქმებიდან ორ კვირაში, პირველად ვიგრძენი საკუთარ თავთან ყოფნის, აწმყოში, აქ და ახლა ყოფნის სიხარული. მანქანას ვარეცხინებდი. შემოდგომის მზიანი დღე იყო. სანამ რეცხავდნენ, იქვე ძელსკამზე ჩამოვჯექი, სახე მზის სხივებს მივუშვირე და მივხვდი, რომ პირველად მოხდა ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომ ასეთ მომენტში ტელეფონი არ ამომიღია. ვიჯექი და უბრალოდ ვტკბებოდი მზის სხივებითა და ცხოვრებისგან მოტანილი თავისუფალი 40 წუთით, რომელშიც შემეძლო უბრალოდ ვყოფილიყავი და ამ ყოფიერებით მეგრძნო სიხარული. ეს ყველაფერი კი შევძელი პატარა 15 წუთიანი რიტუალის შექმნით, რომელსაც ყოველ დილით ვუბრუნდები. გაღვიძებისთანავე, ნაცვლად იმისა რომ ტელეფონი ავიღო ხელში და ვსქროლო, ვჯდები, ვიღებ ჩემივე შექმნილ დაგეგმვის სისტემას - “ცხოვრების ნავიგატორი”, რომელიც მანუსკრიპტის მომხმარებლისთვის ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი, - გავაკეთებ წინა დღის რევიზიას, რომელი ამოცანები შევასრულე ან ვერ შევასრულე, რა უნდა გადმოვიტანო მიმდინარე დღეს, რა შემიძლია უფრო შორეულ გეგმაში გადავიტანო, ერთ გვერდზე მოკლედ დავწერ რა მოხდა გასულ დღეს, რას ვგრძნობდი, რა იყო მნიშვნელოვანი, რა გამომივიდა, ან რა ვერ გამომივიდა, ხოლო შემდეგ მიმდინარე დღეს დავგეგმავ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ხელი მოვკიდო ტელეფონს.

თავიდან ეს იყო თითქოს უბრალოდ დაგეგმვა, მაგრამ ცხოვრების ნავიგატორმა და ყოველდღე ხელით წერამ, საშუალება მომცა ერთი მხრივ დამენახა ის ქაოსი, რაც ჩემ ცხოვრებაში სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას მოჰქონდა და მეორე მხრივ ჩემი გონება გამევარჯიშებინა აქ და ახლა ყოფნაში, რამაც საბოლოოდ დამაძლევინა ეს დამოკიდებულება. ეტაპობრივად ჩემ ცხოვრებაში დავაბრუნე მხოლოდ ის სოციალური ქსელები, რომლებიც ნაკლებად ტოქსიკურად მოქმედებდნენ ჩემზე, თუმცა სქროლვას აღარასოდეს დავბრუნებივარ. ახლა სოციალურ ქსელებს მხოლოდ წინასწარ მკაცრად განსაზღვრული დანიშნულებით ვიყენებ. დღემდე ვიცავ წესს, რომ დილით, სანამ ცხოვრების ნავიგატორის შევსების რიტუალს არ დავასრულებ, ტელეფონს ხელს არ ვკიდებ და დაძინებამდე ერთი საათით ადრე ტელეფონს უხმო რეჟიმზე ვაყენებ და ეკრანით დაბლა ვდებ. 

ამიტომ დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კალმით ფურცელზე ყოველდღიურ წერას, ნამდვილად შეუძლია მოგიტანოთ ისეთი დადებითი შედეგები, რომლებიც შესაძლოა ახლა ვერც წრმოგიდგენიათ. როგორც ძველი აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, ყველა დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება. ვინ იცის როგორი იქნება თქვენი მოგზაურობა. ამიტომ, უბრალოდ დაიწყეთ ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმით, აიღეთ კალამი და დაწერეთ ფურცელზე. გააკეთეთ ეს ყოველ დღე, აქციეთ ეს რიტუალად და რამდენიმე თვეში თავად დარწმუნდებით, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში.