დეტალები, რომლებიც ცხოვრებას ცვლის

სულ ცოტა ხნის წინ ჯეიმს ქლიერის ძალიან სასარგებლო წიგნს, „ატომური ჩვევები“, ვკითხულობდი. წიგნში ავტორი გვიყვება თავის გამოცდილებაზე და გვაძლევს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ შევძლოთ მავნე, ჩვენთვის საზიანო ჩვევების სასარგებლოთი ჩანაცვლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი არის გახადო სასიამოვნო ის, რისი მიჩვევაც გინდა და საპირისპიროდ, აქციო უსიამოვნოდ ის, რისი გადაჩვევაც გსურს. ამ რჩევის პრაქტიკულობასა და სიმართლეში საკუთარი გამოცდილება მარწმუნებს, თუმცა ამ ბლოგის თემა წიგნის განხილვა არ არის, მხოლოდ იმის ახსნას ვცდილობ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალების გავლენა საბოლოო შედეგებზე.

2016 წელს მუსიკალური ჯგუფის "Ambavi" თითქმის სრული შემადგენლობა ბერლინში შევიკრიბეთ, სადაც ბერლინის ლიტერატურის სახლში ჩვენი პირველი EP Daigvianes ცოცხლად უნდა შეგვესრულებინა. რეპეტიცია წინა დღეს სასტუმროში, ყურსასმენებში გავიარეთ და სახეტიალოდ ქალაქში გავედით. ამ ხეტიალისას შემთხვევით დიდ მუსიკალურ მაღაზიას გადავეყარეთ და ცხადია, შევედით. ხუთსართულიან შენობაში თითქმის ყველა ინსტრუმენტს ნახავდით, რაც კი ოდესმე გსმენიათ რომ არსებობს, მათ შორის ისეთებს, მხოლოდ ვირტუალურად რომ გინახავთ და რაც ყველზე მნიშვნელოვანია, თითო ეგზემპლარი სატესტოდ იდო, შეგეძლო მოგესინჯა, დაგეკრა, დარწმუნებულიყავი, რომ სწორედ ეს გინდა და არა რამე სხვა. ასე დავუკარი პირველად ცხოვრებაში Fender Telecaster Custom-ზე. Fender-ზე მანამდეც არაერთხელ დამიკრავს, ჩვენივე გიტარისტს, დათო ადამაშვილს იმხანად Fender Stratocaster ჰქონდა, მაგრამ არსებობს რაღაც მომენტი, როცა ისეთ ინსტრუმენტს პოულობ, რომელიც თითქოს შენთვისაა შექმნილი. ვეღარ ვწყდებოდი. ამ ინსტრუმენტთან შედარებით ჩემი Epiphone Les Paul-ი, რომელიც საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია და რომელზეც მეორე დღეს უნდა დამეკრა, უბრალოდ სიმებგაბმულ თოხად მომეჩვენა. იმ მომენტში მივხვდი, რომ ამ ინსტრუმენტზე იმაზე უკეთ ვუკრავდი, ვიდრე ზოგადად შემეძლო. ინსტრუმენტის მნიშვნელობა მუსიკოსისთვის ცხადია იმ დღეს არ აღმომიჩენია, უბრალოდ სანამ მართლა შენთვის იდეალურ ინსტრუმენტს არ გამოცდი, მანამდე ამ მაგიას ვერ ხვდები. თუ შენთვის იდეალური ინსტრუმენტი არ გქონია, ვერც იმ შეგრძნებას გაიგებ რას ნიშნავს, როცა დასაკრავად იმიტომ კი არ ჯდები, რომ მუსიკა შენში ვეღარ ეტევა და ამოხეთქვას ლამობს, არამედ ინსტრუმენტთან ფიზიკური ურთიერთობის შეგრძნება გენატრება. როცა თითები სიმებს ან კლავიშებს ეხება და თითქოს სხეულით ერწყმი იმას, რასაც უკრავ.

ალბათ სწორედ მუსიკასთან და ინსტრუმენტებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება დამეხმარა უფრო მარტივად აღმექვა რამდენად ჰგავს კარგ კალამთან და ბლოკნოტთან ურთიერთობა, მუსიკალურ ინსტრუმენტთან შეხებას. სანამ არ გამოცდი ფიქრობ: "კარგი რა, ბოლოსდაბოლოს პასტაა და უბრალოდ ფურცელია. ავიღებ აგერ პრინტერის ქაღალდს, ოცთეთრიან პასტას და თუ რამის დაწერა მინდა, დავწერ, რატომ უნდა მივანიჭო ამას მნიშვნელობა?" მაგრამ თუ კარგი კალმით პრემიუმ ხარისხის ბლოკნოტში წერის სიამოვნებას მიიღებ, ერთ დღეს ფურცელთან მიხვალ არა იმიტომ, რომ რამე კონკრეტულის დაწერა გსურს, არამედ იმიტომ, რომ გინდა იგრძნო როგორ ეხება კალმის წვერი ფურცელს. და იქნებ ახლა იფიქრო, რატომ უნდა გინდოდეს ასეთი რამე გაჩნდეს შენ ცხოვრებაში? მაშინ აქ პასუხიც ის იქნება, რითიც დავიწყეთ - აქციო სასიამოვნოდ შენთვის სასარგებლო პროცესი და ამით ის ჩვევაში გადაიტანო. თუ სქროლვაზე დამოკიდებულების შემცირებას და კალმით ფურცელზე წერის ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობ, ეს პროცესი სიამოვნებად უნდა აქციო. სიამოვნებად კი ის მაშინ იქცევა, როცა ამას კარგი, მაღალი ხარისხის საწერი ინსტრუმენტით, რბილ, კრიალა, იდეალურ ფურცელზე კალმის წვერის გასმისას შეიგრძნობ.

სწორედ ასეთ ფურცლებს ვიყენებთ მანუსკრიპტისთვის და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. მანუსკრიპტში ჩვენი 20 წლიანი გამოცდილებით ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას. ასე შევარჩიეთ Tomoe River-ის მსოფლიოში ყველაზე თხელი, ჭავლურ კალმებთან თავსებადი, კრიალა ზედაპირიანი ფურცელი, რომელზე წერისას გრძნობ როგორ მსუბუქად დასრიალებს კალმის წვერი, როგორ ანათებს მელნის ფერი და როგორ აშრევებს ქაღალდის ზედაპირთან შეხება მის ტონებს; გრძნობ მელნის სპეციფიკურ სუნს და უსმენ დამახასიათებელ ხმას, რომელსაც კალმის წვერი ქაღალდის ზედაპირზე სრიალისას გამოსცემს. პროცესი სიამოვნებად იქცევა და კიდევ გინდა გამოსცადო. და აი, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ უაზრო სქროლვის ნაცვლად, იმ იდეის მონახაზს წერ, რომლისთვისაც აქამდე ვერა და ვერ მოიცალე; საკუთარ შეგრძნებებზე შენივე თავს უყვები და ეს პროცესი აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბებაში გეხმარება; შენ თავს გამოიჭერ, რომ მაღაზიაში ჩამოწერილი სიით შედიხარ და იმაზე ნაკლებს ხარჯავ, ვიდრე აქამდე; როდესაც საკუთარ ხარჯებთან კითხვა გიჩნდება, აღმოაჩენ, რომ გაქვს ჩანაწერები და შეგიძლია ნახო როდის, სად, რამდენი, რაში დახარჯე; აღმოაჩენ, რომ დილით ფურცელზე ჩამოწერილი ამოცანები თითქოს გონებაში ღრმად გებეჭდება და აღარ გავიწყდება, არ გამოგრჩება, ზოგჯერ კი შენ თავს გამოიჭერ იმაშიც, რომ სახვალიოდ გადადების მავნე და დაუძლეველი ჩვევა სადღაც გაუჩინარდა, რადგან ზოგჯერ ამოცანის შესრულებას უბრალოდ იმ მოტივაციით იწყებ, რომ ბლოკნოტი კიდევ ერთხელ გადაშალო და კიდევ ერთი ამოცანა შესრულებულად მონიშნო; ზოგჯერ აღმოაჩენ, რომ იმ იდეის უბრალოდ ფურცელზე გადატანის პროცესში, რომლის განხორციელების ფორმას ვერ პოულობდი, მისი რეალობად ქცევის გზას მიაგენი და ა.შ.

პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება, დროთა განმავლობაში ცვლილებათა მთელ ჯაჭვს იწვევს და ამას ვერასოდეს მიხვდები, სანამ არ გამოცდი. მანამდე იქნებ ძლიერ ახირებულ ადამიანებადაც ვჩანდეთ ისინი, ვინც ამდენ დროს, ფულს და ენერგიას ვხარჯავთ, რომ მაინცდამაინც კონკრეტული კალმით კონკრეტულ ბლოკნოტში ვწეროთ, მაგრამ თუ ცდი მიხვდები, რომ "უბრალოდ პასტას" და "უბრალოდ ქაღალდს" უზარმაზარი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ მაინცდამაინც პროფესიონალი მწერალი იყო. ამისთვის მხოლოდ ის გჭირდება, რომ "უბრალოდ პასტის" და "უბრალოდ ქაღალდის" ნაცვლად, ხარისხიანი საწერი ინსტრუმენტი და ისეთი სრულყოფილი ბლოკნოტი სცადო, როგორიც "მანუსკრიპტია" და ეს არც ისე ძვირი სიამოვნებაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს. სექტემბერი დადგა, ზაფხულის დასვენების შემდეგ ახალი სამუშაო და სასწავლო წელი იწყება და იდეალური დროა შენც სცადო რამე ახალი. და თუ უკვე იცი ეს გრძნობა, რის შესახებაც ამდენი ვილაპარაკე, მაშინ ბევრი მტკიცება იმასაც აღარ დასჭირდება, რომ ზედმეტი კარგი კალამი და ზედმეტი კარგი ბლოკნოტი არ არსებობს.