ცხოვრების ნავიგატორი, კუნგ ფუ და განმეორების ძალა
ალბათ ადამიანების უმრავლესობას გვქონია შემთხვევა, როცა რაღაც ჩვევის შეცვლა გვსურდა, მაგრამ მარცხი განვიცადეთ. ერთი ნაწილია ვერასოდეს დაწყება - ორშაბათიდან, ახალი თვიდან, ახალი წლიდან, რაღაც კონკრეტული მოვლენის დადგომიდან და ა.შ. - მეორე ნაწილია დაწყება, გარკვეული დრო გაძლება, შემდეგ რაიმე მიზეზით ყურადღების მოდუნება და ძველ ჩვევებთან მარტივად დაბრუნება. ზოგჯერ ორ კვირაში ვიმატებთ ორი თვის განმავლობაში სიმწრით დაკლებულ კილოგრამებს, ხანაც ერთი უწყინარი ნაპასით წყალში ვყრით მთელ წლიან არამწველობის ძალისხმევას და ა.შ. დაუსრულებლად. მერე მოდის თავის დადანაშაულება, რომ უნებისყოფო ვარ, თორემ აგერ მაგალითად ნუგზარამ ერთ დილით თქვა, რომ აღარ მოვწევო და 20 წელია არ მოუწევია, ან აგერ გორგილაძემ მთლად სამი კაცის წონა გაიქრო და აღარასოდეს მოუმატებია, აბა მე რა მჭირს? მერე კვლავ ცდი და ხელახლა განიცდი მარცხს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. არაფერი გჭირს, უბრალოდ წინასწარ მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში შედიხარ.
ცხოვრების ნავიგატორი
აინშტაინს მიაწერენ ფრაზას, რომლის თანახმადაც სისულელე ნიშნავს გაიმეორო ერთი და იგივე ქმედება განსხვავებული შედეგის დადგომის იმედით. არ ვიცი ეს მართლა თქვა თუ არა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ამ ფრაზის ავტორი, სიმართლე უთქვამს. აბა ჩვენ რა გვჭირს? სულელები ვართ? რატომ ვიმეორებთ ერთსა და იგივეს და რატომ გვგონია, რომ ამჯერად მაინც გამოგვივა? იმიტომ, რომ სხვა რამ ჩვენთვის არავის უსწავლებია. ბავშვის აღზრდის სისტემები ძირითადად რეპრესიული და მანიპულატორულია. იგი დასჯა-წახალისების მექანიზმზეა აგებული და ადამიანში ცვლილებას არა შემეცნებით, არამედ იძულებით ცდილობს. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ თანამედროვე სამყაროში სწავლების პროცესიდან ფიზიკური დასჯის, როგორც მეთოდის ამოღებამ, სწავლების პროცესი ჰუმანური გახადა, რეალურად კი ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპები დღემდე მხოლოდ ცალკეულ სკოლებში, ექსპერიმენტების სახით თუა დანერგილი და ძალზედ იშვიათად არის რომელიმე სახელმწიფოსგან აღიარებული. ფიზიკური დასჯა მანიპულაციამ ჩაანაცვლა, ამას კი სწავლების რეპრესიული მიდგომის შინაარსი არ შეუცვლია. თქვენ ამჯერად კეთილგანწყობილი ღიმილით გარწმუნებენ, რომ თქვენი ინტერესები ლეგიტიმური არ არის, ხოლო თქვენი თვისებების ნაწილი, აუცილებლად უნდა უარყოთ.
მაგალითად, თუ თქვენ რაიმე კონკრეტული საკითხი არ გაინტერესებთ და არ გიტაცებთ, ან რაღაც მიმართულებით აქტიური არ ხართ, გეუბნებიან რომ ზარმაცი ხართ და საჭიროა შეიცვალოთ, ამისთვის კი საკუთარი თავი უნდა აიძულოთ ისწავლოთ ისეთი რამ, რაც არ გაინტერესებთ, ან გააკეთოთ ისეთი რამ, რაც არ გსურთ. თუ ფანტაზიორი ხართ, ყველა ამბავს თხრობისას ალამაზებთ და იქნებ ტყუილზეც არ ამბობთ უარს, გეუბნებიან, რომ აღარ იყოთ მეოცნებე, შეწყვიტოთ გამოგონება და დათრგუნოთ ფანტაზია. სხვანაირად თუ ვიტყვით, სასკოლო განათლების სისტემა და ზოგჯერ ჩვენი მშობლებიც, ჩვენი ისეთად არსებობის უფლებას არ აღიარებენ, როგორებიც ღმერთმა შეგვქმნა.
იმის ნაცვლად, რომ დაგვანახონ ჩვენი თანდაყოლილი ხასიათი და თვისებები და ბუნებრივად ბოძებული უნარების განვითარებაში დაგვეხმარონ, სწავლების რესპრესიული მექანიზმი ამბობს, რომ არსებობს კარგი და ცუდი თვისებები და რეპრესიით ცდილობს ჩვენ “გამოსწორებას”. ეს სამუდამოდ გვაზიანებს, გვაყენებს ღრმა ტრავმას და შეუძლებელ, წაგებისთვის განწირულ ბრძოლაში გვრთავს საკუთარ თავთან. არავის შეუძლია უარყოს საკუთარი სიზარმაცე, თუ ზარმაცია. მე არ შემიძლია არ ვიყო მეოცნებე თუ მეოცნებე ვარ, ზუსტად ისე როგორც არ შემიძლია უარვყო თანდაყოლილი აბსოლუტური სმენა და ა.შ. რა არის სწორი? სწორია დავსვათ კითხვა, როგორ გამოიყენოს ბავშვმა თანდაყოლილი თვისებები სასიკეთოდ და როგორ მართოს თავისი ხასიათი? როგორ შეძლოს იყოს ცნობიერი და საკუთარ თავში თვისებები კი არ დათრგუნოს, არამედ გაიგოს რისკენაა მოწოდებული და მისკენ მიმართოს.
არსებობს გენიალური ქართული ზღაპარი “ნაცარქექია”. მთავარი გმირი მთელი დღე ბუხართან ზის და ნაცარს ქექავს. “უსაქმურობის” გამო ძმა და რძალი სახლიდან გააგდებენ. გზად დევი შემოეყრება და ნაცარქექია უჩვეულო გამჭრიახობის და წარმოსახვის უნარის წყალობით დევს დაამარცხებს. ნაცარქექია სახლიდან წასვლის შემდეგ არც ბეჯითი გამხდარა და არც შრომისმოყვარე. ყველა მისი უნარი, თვისება და ხასიათი ისეთივეა, როგორიც იყო. უბრალოდ შეცვლილ გარემოში ის ამ ყველაფერს სწორად იყენებს. ის რომ ჩვენი თანამედროვე ყოფილიყო და სკოლაში ესწავლა, დარწმუნებული ვარ სახლიდან გაგდების შემდეგ თვითგვემას მიეცემოდა, იტყოდა, რომ ეს დაიმსახურა, რომ დროა შეიცვალოს, შეეცდებოდა ეპოვა “ქოუჩი”, რომელიც ასწავლიდა როგორ შეცვლილიყო და საბოლოოდ დევს ემსხვერპლებოდა.
ასე ვიქცევით ჩვენ, გვინდა, რომ პრობლემები ძალით, საკუთარ თავზე ძალადობით ან მანიპულაციით გადავჭრათ, რადგან ჩვენ დაგვაჯერეს, რომ ცვლილელები სხვანაირად არ მოდის.
აქვე უნდა გავიხსენოთ ბრწყინვალე ანიმაცია კუნგ ფუ პანდა, რომელიც ძალიან მარტივად, საყვარელი, მხიარული პანდის მაგალითზე გამოხატავს კუნგ ფუს მთავარ არსს.
რა არის კუნგ ფუ? კუნგ ფუ ოსტატობას ნიშნავს. არსებობის ასეთი ლეგენდა, რომ როდესაც ინგლისელებმა პირველად ნახეს ჩინეთში ოსტატების საჩვენებელი ორთაბრძოლა, იკითხეს ეს რა არისო, იქვე მდგომმა ხალხმა კი უპასუხა ოსტატობაო, ანუ მათ ენაზე კუნგ ფუო. ინგლისელებმა ჩათვალეს, რომ ეს ბრძოლის სახეობას ერქვა და ასე გავრცელდა ჩინური საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სკოლების საერთო სახელად დასავლეთში. კუნგ ფუ, ანუ ოსტატობა, მიიღწევა არა იძულებით, არამედ დისციპლინით, არა საკუთარი თვისებების დათრგუნვით, არამედ მათი სრულყოფით. სწორედ ამიტომ ხდება კუნგ ფუ პანდაში დრაკონის მებრძოლი სწორედ პანდა. ის არც წონაში იკლებს, არც უფრო სერიოზული ხდება, რაც იყო, დრაკონის მეომრად ქცევის შემდეგაც იგივე რჩება. მაგიურ გრაგნილში არაფერი წერია, ის მხოლოდ მას აირეკლავს, ვინც მას დახედავს. ესაა კუნგ ფუს არსი და ეს არის ჭეშმარიტი ცვლილებების გასაღები.
შენ ღმერთის სრულყოფილი ქმნილება ხარ, შენ არ შეგიძლია იყო სხვანაირი, შენ მხოლოდ შეგიძლია შენში ჩადებულ ღვთაებრივ ჩანაფიქრს მაქსიმალურად მიუახლოვდე. შეცვალო არა თანდაყოლილი თვისებები, არამედ სრულყო საკუთარი თავი არა ძალადობით, არამედ გაცნობიერებით. თუკი რამ ამ გზაზე ხელს გიშლის, სწორედ ეგ არის ძალადობის, იძულების, მანიპულაციისა და ტრავმების შედეგი. ამ ყველაფრისგან გათავისუფლება კი არათუ მტანჯველი ვერ იქნება, არამედ ყველაზე სასიამოვნო პროცესია თუ გაცნობიერებულად აკეთებ.
არ აქვს მნიშვნელობა რისი მიღწევა გინდა, თუ ამას საკუთარ თავთან ბრძოლით ცდით, დიდი ალბათობით დამარცხდებით. ჩვენი სულსწრაფობა გვიბიძგებს ყველაფერი ნაჯახით, იძულებით და ერთბაშად გავაკეთოთ. ნამდვილი ცვლილებები კი მხოლოდ გაცნობიერებით დგება. ნამდვილი, ფუნდამენტური ცვლილებები იწყება პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებით - უბრალოდ დანახვით, როგორია რეალურად შენი ცხოვრება.
სწორედ ამაში დახმარებისთვის შევქმენით “ცხოვრების ნავიგატორი”. ეს არ არის განსხვავებული დიზაინის ბლოკნოტი. ის ყველაზე მარტივი ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ იმის დასანახად, რეალურად როგორია თქვენი ცხოვრება, პრიორიტეტები, რას აკეთებთ ან ვერ აკეთებთ, რას გრძნობთ რეალურად. ის შეიძლება გამოიყენოთ უკეთესად დაგეგმვისთვის, პროდუქტიულობის გაზრდისთვის და სრული ტრანსფორმაციისთვის. ამ ყველაფრისთვის დღეში მხოლოდ 15 წუთის დათმობა დაგჭირდებათ.
“ცხოვრების ნავიგატორი” ბულით ჟურნალის მეთოდზე დაყრდნობით განვავითარეთ და უკვე ორი წელია მე პირადად ყოველდღიურ პრაქტიკად ვიყენებ. მისი გამოყენებით გავთავისუფლდი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებისგან, ვმართე დოპამინდამოკიდებულება, სტაბილურად შევინარჩუნე თერაპიის გამოყენებით დამარცხებული შფოთვითი აშლილობა ისე, რომ არც ერთხელ აღარ დამჭირვებია თერაპიაზე მისვლა და აი სულ რაღაც ერთი თვეა შევწყვიტე მოწევა. ეს ყველაფერი კი საკუთარ თავთან ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, დღეში მხოლოდ 15 წუთიანი რიტუალის დანერგვით მოხდა და სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებას ვცდილობთ თქვენთვის “ცხოვრების ნავიგატორით”.