რატომ უნდა ვაწარმოოთ დღიური?

2019 წელს, აღარ მახსოვს რა მიზეზით, მაგრამ მეგობართან ერთად გურიაში აღმოვჩნდი. საღამოს, ოჯახში სადაც ღამე უნდა გაგვეთია, მცირე სუფრა გაიშალა. მაგიდასთან ვისხედით მე და ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრები და მასპინძლის სამი მეზობელი. სუფრასაც ვერ იტყოდი, უფრო ოჯახური ვახშამი იყო ძილის წინ წამლად დასალევი რამდენიმე ჭიქა არყით, მერე მასპინძლის ეზოშივე დაკრეფილი ჩაის ფოთლებისგან დაყენებული ჩაით რომ უნდა დაგვირგვინდეს. კახეთში ასეთ ამბავს ტკბილი პური ჭამა ჰქვია. ეს ყოველთვის ვიწრო წრეში ზომიერ ჭამა-სმას გულისხმობს, სადაც ზარხოში უფროა, ვიდრე თრობა. სიტკბო სწორედ მაგაშია. ასეთ სუფრაზე გულით დაკავშირებული ხალხი ჯდება, ამიტომაც იტყვიან ხოლმე ასეთ საღამოზე ჩავუჯექით და ტკბილი პური ვჭამეთო. შესაბამისად, ასეთ ჩაჯდომაზე დალევა თრობისთვის არ არის, გულის კიდევ უფრო გამხსნელია, ისეთი რამეების სათქმელად, სხვა დროს რომ თანდაყოლილი მორიდებულობა არ გაგიშვებს კაცს, თორემ განა რამეა დასამალი. ჰოდა, შორს რომ არ გამექცეს სათქმელი, ვისხედით ასე მასპინძლები, ჩვენ ორნი და სამიც მეზობელი. ლაპარაკ-ლაპარაკში მასპინძელმა თქვა რამდენიმე დღის წინ ძველ ნივთებში ქექვისას პაპაჩემის დღიური ვიპოვეო. ეს საუბარს მოყოლილი ფრაზა იქნებ სხვებს დიდად ყურადღების ღირსად არც მიეჩნიათ, მაგრამ მე ყურები ვცქვიტე და ვთხოვე თუ რამე პირადი არ წერია რომლის გაზიარებაც უხერხულობას შეგიქმნის, იქნებ მაჩვენო-მეთქი. მასპინძელმა დღიური გამოიტანა. 1999-2000 წლებში უწერია კაცს. საღამო ამ დღიურის კითხვით და მასზე მასპინძლების და მათი მეზობლების რეაქციებით გაგრძელდა.

კაცი წერდა უბრალო, ყოფით ამბებს, როგორ გაწმინდეს სანიაღვრე არხი სოფელმა ერთობლივი ძალებით, ვინ როგორი მონაწილეობა მიიღო, ვინ ფული დადო, ვინ შრომით დაეხმარა და ვინ კიდევ იმუხთლა და რაღაცის მომიზეზებით აარიდა თავი საერთო საქმეს. იქნებ მაშინვე ვინმეს რომ წაეკითხა ამაში არც არაფერი ყოფილიყო საინტერესო, მაგრამ 20 წლის შემდეგ ეს იკითხებოდა კაი საინტერესო დოკუმენტური პროზასავით. საერთოდ დღიური იწყებოდა იმით, როგორ გადაწყვიტა უსახსროდ დარჩენილმა კაცმა ცოლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მამა-პაპეული ფუძის აღდგენა. როგორ წამოვიდა ქალაქიდან სოფელში, გაამაგრა დანგრევის პირას მისული სახლი, დათესა პირველი კარტოფილი, როგორ დაიწყო ახალი ცხოვრება, ვინ რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში და ა.შ. და ა.შ. დღიურმა მასპინძლებს მოგონებები აუშალა. იხსენებდნენ დავიწყებულ ამბებს და ისეთ დეტალებს, რომლებიც მათივე გონებაში დავიწყების ბურუსში ჩაძირულიყო. ეს საღამო სამუდამოდ დამამახსოვრდა, რადგან სოფელი, სადაც სულ რამდენიმე დღით ვიმყოფებოდი და რომელიც ალბათ მხოლოდ ლამაზი ხედებით შემორჩებოდა მეხსიერებას, ამბებად გაცოცხლდა ჩემ თვალწინ, თითქოს ხორცი შეისხა და ცოცხალ მოგონებად ჩამებეჭდა გონებაში. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საღამომდე 20 წლით ადრე, ერთი ჩვეულებრივი გურული კაცი საღამოს ლამპის შუქზე ჯდებოდა და თავისი ამბები, განცდილი და ნაფიქრალი უბრალოდ ფურცელზე გადაჰქონდა.

საქართველოს ისტორიის მკვლევრები ხშირად დაიწუწუნებენ ხოლმე, რომ საქართველოში იშვიათად გვხვდება ისტორიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი წყარო, როგორიც პირადი ჩანაწერებია. როცა ადამიანებს დღიურის წარმოებას ვურჩევ ხოლმე, ხშირად მპასუხობენ შენ მწერალი ხარ და წერაც იმიტომ გიყვარს, თორემ ჩვენ ნაწერს რა ფასი ექნება, ან ვის დააინტერესებსო. არადა დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაძლოა ის, რაც ახლა ძალიან ტრივიალური გვეჩვენება, რაც უინტერესო და უმნიშვნელოა სხვისთვის, ათი და ოცი წლის შემდეგ სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს. იქნებ საქვეყნო ამბავი სულაც არ იყოს, მაგრამ ზოგჯერ ასეთი ჩანაწერები ერთგვარ ხიდად იქცევა ოჯახის სხვადასხვა თაობას შორის. წარმოიდგინეთ თქვენი პაპის ან ბებიის დღიური რომ გქონდეთ, რამხელა ემოციურ კავშირს იგრძნობდით? რამდენ ისეთ დეტალს გაიგებდით, რაც სულ სხვაგავარად დაგანახებდათ მათ ცხოვრებას, გადაწყვეტილებებს, იმ გამოწვევებს, რომლების წინაშეც ისინი იდგნენ. ზოგჯერ ფურცელზე გადატანილი გრძნობები, ფიქრები და ემოციები ხდება გასაღები რათა საყვარელმა ადამიანებმა უკეთ გაგვიგონ, ან ჩვენ გავუგოთ მათ. და სულ რომ სხვებს თავი დავანებოთ, ზოგჯერ ფურცელზე იმის გადატანა, რას ვგრძნობთ და ვფიქრობთ ამა თუ იმ მომენტში, საკუთარი თავის გაგებაშიც გვეხმარება. 

ცოცხალი მეხსიერება მეტად არასანდო რამ არის. ზოგჯერ ერთი კვირის წინ მომხდარ ამბებს ვერ ვიხსენებთ. უამრავ რამეს დავიწყების სქელი ფარდა შთანთქავს და თუ შემთხვევით 20 წლის წინანდელ საკუთარ ჩანაწერს წაიკითხავთ, შეიძლება ისეთი რამ გაიხსენოთ, რაც დღევანდელი თქვენი თავის გაგებაში დაგეხმარებათ.

სწორედ ამაზე ვფიქრობდით, როდესაც მანუსკრიპტის ყდებად ისეთი გერმანული ქაღალდი ავირჩიეთ, რომელიც ანტიკვარული წიგნებისა და დოკუმენტების რესტავრაციასა და დაარქივებაში გამოიყენება. ის სამუდამოდ იცავს ფურცელს გაყვითლებისა და ნაწერს _ გახუნებისაგან. შესაბამსიად, თუ თქვენ მიერ შენახულ ჩანაწერს მრავალი ათეული წლის შემდეგ ვინმე გადაშლის, ის მას ზუსტად იმ სახით ნახავს, როგორც თქვენ შეინახეთ.